ფლანგვის დეტექტორი

GMC: ბათუმში ა(ა)იპიებს ₾40 მილიონით ეზრდებათ დაფინანსება, უფასო სასადილოებს კი უმცირდებათ

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტით, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა, ა(ა)იპები, რომლებიც მმართველი პარტიის აქტივის დასასაქმებლად გამოიყენება, 40 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, იქ დასაქმებულთა ხელფასი კი 2 მილიონით გაიზრდება.

ამასთან, ფლანგვის დეტექტორი აცხადებს, რომ მცირდება ისეთი ქვეპროგრამების დაფინანსება, როგორიც არის უფასო სასადილოები, ღამის დროებითი თავშესაფარი, მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისების განვითარება, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.

ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 49 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 254 047 400 ლარს შეადგენს. 

"ბათუმის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგივე რჩება, თუმცა იზრდება შრომის ანაზღაურება - 2021 წელს 170 ადამიანზე  3,488,100 ლარია გათვლილი, მომავალ წელს კი, იმავე რაოდენობაზე 3,836,900 ლარი იქნება. იგივენაირი ცვლილებაა ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტში, 2021 წელს 43 ადამიანი შრომის ანაზღაურების სახით 1,091,600 ლარს იღებს, ხოლო 2020 წელს ამავე რაოდენობის ადამიანები 1,213,100 ლარს მიიღებენ.

ამასთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ბიუჯეტის გაზრდისა და განაწილების პროგნოზის 2025 წლის ჩათვლით, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ბიუჯეტი 263,895,600 ლარამდე, ხოლო ხელფასების ოდენობა - 30,177,600 ლარამდე გაიზრდება". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. 26 ნოემბრის დილიდან ორივე ქალაქში საკრებულოების სხდომები ოპოზიციური პარტიების პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ზუგდიდში 2, ხოლო ბათუმში 4 პირი დააკავა. დეპუტატ ანი წითლიძის ცნობით, დაპირისპირებისას მას სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს.

როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა.

კომენტარები