ძალოსნობა

დოპინგი 2012 წლის სინჯებში – ორმა ქართველმა ძალოსანმა შესაძლოა მედლები დაკარგოს

Befunky

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA), ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დაკვეთით, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის სინჯები ხელმეორედ გადაამოწმა და 13 სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინა. 

13 სპორტსმენს შორის ორი ქართველი ძალოსანი – რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძეც არის. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წელს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა, ცირეკიძემ 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მძიმეწონოსანი (105+ კგ) თურმანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ დროისთვის ორივე ქართველ ძალოსანს სპორტული კარიერა დასრულებული აქვს.

აღნიშნული დოპინგ-სინჯები თავის დროზე "უარყოფითად" შეფასდა. გერმანიის ქალაქ კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ კი სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი გამოავლინა.

ყველა სპორტსმენი ITA-ს მიერ ინფორმირებულია. მოქმედი ძალოსნები საქმის დასრულებამდე შეჯიბრებებს ჩამოშორებული არიან. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ სინჯების გადამოწმება. 

 

კომენტარები