კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი ავღანელ ქალ ფეხბურთელებს ევაკუაციაში დაეხმარა

Befunky

ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ათასობით ადგილობრივმა ქალმა სპორტსმენმა ქვეყანა დატოვა.

ათლეტების ნაწილმა, შემდგომი ევაკუაციის იმედით მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა თავი. კიმ კარდაშიანი პაკისტანში გახიზნულ 30 ფეხბურთელ ქალსა და მათ ოჯახებს(სულ 130 ადამიანი) ბრიტანეთში გამგზავრებაში ფინანსურად დაეხმარა. ლონდონში ჩასული დევნილები 10-დღიანი კარანტინის შემდეგ ახალ ცხოვრებას დაიწყებენ.

ნახევრადპროფესიონალი ფეხბურთელები ძირითადად ღარიბი ოჯახებიდან არიან. მათი პაკისტანიდან გამოყვანის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია Tzedek Association-ს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელი კარდაშიანის ნაცნობი, რაბინი მოშე მარგარეტენია.

"ჩვენი ორგანიზაცია ქალი ფეხბურთელების პაკისტანიდან გამოყვანის წინადადებით გამოვიდა. განცხადებიდან ერთ საათში კიმ კარდაშიანი დამიკავშირდა და დახმარება შემომთავაზა". – ამბობს მარგარეტენი.

ლონდონში ჩასულ ფეხბურთელებს ასევე ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი ლიდს იუნაიტედი დაეხმარება.

ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალი ათლეტების დევნა დაიწყო, ამის შესახებ ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ხალიდა პოპალმა ილაპარაკა:

"ქალი სპორტსმენისთვის ავღანეთში ცხოვრება შეუძლებელია. ახალი ხელისუფლება ქალ ათლეტებსა და მათ ოჯახებს დევნის. ზოგს არ გაუმართლა, ისინი თალიბანმა დააპატიმრა ან მოკლა, წასული ოჯახების სახლები კი მიწასთან გაასწორეს. ქალი სპორტსმენების ევაკუაცია მნიშვნელოვანი საკითხია".

ავღანეთის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრალიამ შეიფარა, ხოლო ახალგაზრდულმა ქალთა ნაკრები ამჟამად პორტუგალიაში იმყოფება.

 

კომენტარები