ბოსნია-ჰერცეგოვინა

აშშ-მ ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმების დამრღვევებს, შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

ენტონი ბლინკენი
NYT

აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც შეეცდება, ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმება, დეიტონის ხელშერკულება, დაარღვიოს და ერთპიროვნულად გამოეყოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა.

"როგორც დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმომწერი მოწმე, შეერთებული შტატები იმეორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ცალმხრივად გამოყოფისთვის ან სხვა მხრივ დეიტონის ხელშეკრულების დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის პასუხი იქნება შესაბამისი, მათ შორის შესაძლო სანქციები" - თქვა ბლინკენმა ბოსნიის პრეზიდიუმისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილში ბლინკმა აღნიშნა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ბალკანური სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივას, ეკონომიკურ აღორძინებას და საგარეო ინვესტიციებს საფრთხეს შეუქმნის. ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, დაბრუნებოდნენ მოლაპრაკებების მაგიდას და კონსენსუსისთვის მიეღწიათ.

ბლინკენის წერილი პრეზიდიუმის წევრებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ გადასცა.

"მოვუწოდე დეესკალაციისკენ, დიალოგისა და ფუნქციური ინსიტიტუტებისკენ მთავრობის ყველა დონეზე. დროა ბოსნია-ჰერცოგოვინა მომავალს დაუბრუნდეს" - დაწერა შოლემ Twitter-ზე პრეზიდიუმის წევრებთან შეხვედრის დროს.

1992-1995 წლების ომის შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინაში ყველაზე რთული პოლიტიკური კრიზისია. გაერო-ში ბოსნია-ჰერცეგოვინას უმაღლესი წარმომადგენლის, ქრისტიან შმიდტის თქმით ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალი კონფლიქტისა და ქვეყნის გაყოფის შესაძლებლობა რეალურია. ის ამის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშში საუბრობს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. შმიდტის ანგარიშამდე, 14 ოქტომბერს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა გააჟღერა მუქარა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბთა რესპუბლიკის ორგანოების გამოყოფის შესახებ. მუქარა მოიცავდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალებიდან ეთნიკური სერბების გამოყოფასაც. დოდიკის თქმით, ის ამ შემთხვევაში, ბოსნიის ძალებს სერბთა რესპუბლიკის დატოვებას აიძულებდა, მათი ყაზარმების ალყაში მოქცევით. ასევე დაამატა, რომ თუ დასავლეთი ინტერვენციას შეეცდებოდა, მას ჰყავს "მეგობრები", რომლებიც დახმარებას დაჰპირდნენ. მეგობრებში მან ტრადიციული მოკავშირეები, სერბეთი და რუსეთი იგულისხმა.

დოდიკის თქმით, სერბეთის რესპუბლიკა გამოეყოფა ბოსნია-ჰერცოგოვინის შეიარაღებულ ძალებს, უმაღლეს სასამართლო სისტემას და გადასახადების სისტემას, რადგან ეს ინსტიტუტები არ ყოფილა განსაზღვრული დეიტონის ხელშეკრულებით მიღებულ კონსტიტუციაში და შესწორებების საფუძველზე იყო შექმნილი.

"დაყოფისა და კონფლიქტის შესაძლებლობა დიდია", – წერს ქრისტიან შმიდტი ანგარიშში და ამატებს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ეს, ომის შემდეგ პერიოდში, ყველაზე დიდი საარსებო საფრთხეა.

შმიდტი წერს, რომ თუკი მუქარები განხორციელდება, ეს "აბსოლუტურად გამოუთხრის ძირს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას". 

შმიდტის შეფასებით, დოდიკის მუქარა, შესრულების შემთხვევაში, გაუტოლდება სეცესიას, ამის გამოცხადების გარეშე და თუ საერთაშორისო საზოგადოება ამას არ უპასუხებს, საფრთხე ექმნება 1995 წლის დეიტონის ზავს, შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთს შორის ომი შეწყდა. 

შმიდტი გაერო-ს აფრთხილებს, რომ თუკი ეთნიკური სერბები ბოსნია-ჰერცეგოვინის არმიას გამოეყოფიან, საჭირო გახდება რეგიონში მეტი სამშვიდობოების გაგზავნა, რათა თავიდან აიცილონ ახალი ომი. ამჟამად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო დავალებას ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი, EUFOR-ი ასრულებს, რომელიც 700-კაციანი კონტინგენტისგან შედგება. ასევე, ფორმალურად წარმოდგენილია NATO-ც, რომელსაც სარაევოში შტაბბინა აქვს. 

გასულ თვეში ბოსნიის სერბების პოლიციამ ჩაატარა "კონტრ-ტერორისტული ვარჯიშები", იაჰორინას მთაზე. ამ მთას სერბეთის ძალები, 1992-1995 წლებში, სარაევოს ალყის დროს, ქალაქზე საარტილერიო ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ. 

შმიდტი ფიქრობს, რომ შესაძლოა მოხდეს შეტაკებები ბოსნიის სამართალდამცველ ორგანოებსა და სერბულ პოლიციას შორის. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია.

კომენტარები