მწვანე პასპორტები

Georgia e-Health – რა არის და როდიდან ამოქმედდება ქართული Covid-აპლიკაცია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ევროკავშირის ერთიან სივრცეში ჩაერთვება. გიორგი ღიბრაძის ცნობით, კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, მოქალაქეებს app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცის გადმოწერა შეუძლიათ, სახელწოდებით - Georgia e-Health.

"დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას“, -  განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები