მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ვაშაძე ოცნებას: ტყუილად გგონიათ, რომ ამ კადრებით ღირსება შეელახა სააკაშვილს, ეს ლაჩრობაა

ის, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, როგორ იწონებდა თავს ქართული ოცნება მესამე პრეზიდენტზე ძალადობის კადრებით, ეს არის ხელისუფლების რეალური სახის გამოვლინება. ეს არ არის დემოკრატიული დასავლური ქვეყნების სტანდარტი და მას საერთო არ აქვს არც მორალთან, არც ღირსებასთან და არც ადამიანობასთან! მსგავსი რამ დამახასიათებელია ავტოკრატიული მმართველობისთვის იმ მიზნით, რომ გააღვივოს მოსახლეობაში ზიზღი, შიში და უიმედობა. სულ ტყუილად გგონიათ, მეგობრებო, რომ ამ კადრების გავრცელებით რაიმე ღირსება შეელახა სააკაშვილს და რომ ამ კადრების შემდეგ, ემოცია დაჯაბნის პრაგმატიზმს და ოპოზიცია ისეთ არარაციონალურ მოქმედებებზე გადავა, რომ თქვენ ოპოზიციასთან ბრძოლაში სტრატეგიულ უპირატესობას მოიპოვებთ.

ეს ძლიერება კი არა, უძლურებაა, ეს კანონი კი არა, კანონის სახელით განხორციელებული ძალადობაა. ეს ლაჩრობაა და ამ ლაჩრობას ყველამ ერთად უნდა დავუსვათ წერტილი ამ ქვეყანაში! მიუხედავად თქვენი ამ უმსგავსობისა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ და სხვებს მომავალში , ასე არავინ მოექცეს!

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრების გავრცელებას Facebook-ზე გამოეხმაურა. 

კომენტარები