მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ფოტიგა: ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სწორი არ არის. ფოტიგამ იმედი აქვს, რომ სააკაშვილი შეძლებს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლო პროცესის წინაშე წარდგეს.

"ვიცი მისი შიმშილობის შესახებ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ. ჩვენ, მისი მეგობრები ევროპარლამენტში, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, ვღელავთ. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და ვიცით, ჩვენ არ ვახდენთ ზეწოლას, ქართველმა ხალხმა უნდა განსაჯოს, ვინ უნდა მართოს საკუთარი ქვეყანა, ჩვენი როლი არ არის, რომ მივუთითოთ. მაგრამ, მერწმუნეთ, თუ გსურთ, რომ საქართველოს მეგობრებს უსმინოთ და მე ყოველთვის ვაკვირდებოდი [საქართველოში მდგომარეობას] და ახლა რაც ხდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი." - თქვა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იყო ხარვეზიანი, თუმცა მან 2012 წელს არჩევნებით დათმო ძალაუფლება.

"მე ვაკვირდებოდი [2012 წლის] არჩევნებს და მოვუსმინე მის გამოსვლას ეგზიტპოლების შემდეგ, მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და მისი საქციელი იყო უკიდურესად მშვიდობიანი. და რა მოხდა შემდეგ შემდეგ? ის თანამედროვე დროში გახდა კანონგარეშედ გამოცხადებული და განდევნილი" - თქვა ფოტიგამ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა.

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები