მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ბასილაია: სასამართლოს მოთხოვნაა, პროცესი ჩატარდეს საქალაქოში და დაესწროს თავად სააკაშვილიც

ბექა ბასილაია
Interpressnews.ge

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში და უნდა დაესწროს თავად ექსპრეზიდენტიც. 

მისივე თქმით, თუ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლება შეშინებულია და ცდილობს კრიმინალური ხელით პროტესტი ჩაახშოს. 

"დამიკავშირდა საქალაქო სასამართლოს სხდომის შემადგენლობის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე გააკეთებენ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი უნდა შედგეს საქალაქო სასამართლოში და დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ სასამართლო დარბაზში. იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ. თუ ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი არ ჩატარდება სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ ხელისუფლება არის შეშინებული და ცდილობს მხოლოდ კრიმინალის ხელით, თავადაც კრიმინალური ქმედებებით ჩაახშოს ის დიდი პროტესტი, რაც ქართველ ხალხშია. 

არანაირი სამართლებრივი საფუძველი ხვალინდელი პროცესის სასამართლოში არგამართვასთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის არგადაყვანასთან დაკავშირებით, არ არსებობს. მითუმეტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბოლო შანსი, ის წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, მოიკლებს უკანასკნელ ღონეს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს". - ამბობს ბასილაია. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

 

კომენტარები