მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ბასილაია: სურთ, კრიმინალების ხელით მოხდეს სააკაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება

"აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია". - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ თქვა. 

მისივე თქმით, სააკაშვილი იღებს მხოლოდ 1 წლის წინ, ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნულ აბებს. მისივე თქმით, მალე დადგება მდგომარეობა, როცა ის გონებას დაკარგავს. 

"მიხეილ სააკაშვილი არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ის მხოლოდ იღებს აბებს, რომელიც დანიშნული ჰქონდა მისი ჰილანდიელი ექიმის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. მდგომარეობა, როცა ის გონებას დაკარგავს ახლოვდება და ძალიან მოკლე დროში მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა. 

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ აქ არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა, აქ არ არის არანაირი უფლება გარანტირებული, აქ არის მიხეილ სააკაშვილი გადმოყვანილი იმისთვის, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. მისი ფიზიკური უსაფრთხოება დგას სერიოზული რისკის ქვეშ. როცა ჩვენ შევედით, მთელი ციხე ყველა კორპუსი, გამოსვლისას განსაკუთრებით, ორგანიზებულად ადვოკატებსაც კი გვიწყობდნენ საშინელ ობსტრუქციას. მათი არავის ეშინია, მაგრამ ეს არის მორალური ტერორი და არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც გადავიდნენ. მათი სურვილია კრიმინალის ხელით სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება, დამცველებზე ანგარიშწორება". - ამბობს ბასილაია. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 6 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე. 

ამასთან, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მოთხოვნაც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. აქციამ მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლა და ახლაც გრძელდება. 

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები