ერაყი

ერაყის პრემიერმინისტრის რეზიდენციაზე დრონით თავდასხმა მოხდა

მუსტაფა ალ-კადიმი
Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში პრემიერმინისტრ მუსტფა ალ-კადიმის რეზიდენციაზე ასაფეთქებლით დატვირთული დრონის თავდასხმა მოხდა. უშიშროების ძალების თანახმად, პრემიერმინისტრი არ დაშავებულა. თავდასხმის შედეგად ალ-კადიმის დაცვის რამდენიმე წევრი დაშავდა. უშიშროების ძალების შეფასებით, თავდასხმა პრემიერმინისტრის მკვლელობის მცდელობა იყო.

უშიშროების ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, მდგომარეობა ბაღდადის მწვანე ზონაში, სადაც სახელმწიფო შენობები და საელჩოებია განლაგებული, მშვიდია.

"ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ვინ დგას თავდასხმის უკან. ვამოწმებთ დაზვერვის ანგარიშებს და ველოდებით წინასწარი გამოძიების შედეგებს" – ანონიმურად უთხრა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა გამოცემა Reuters-ს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატამენტმა თავდასხმა ტერორიზმად შეაფასა და დაგმო.

"ეს ცალსახა ტერორისტულია აქტი, რომელსაც მტკიცედ ვგმობთ, ერაყის სახელმწიფოს გულისკენ იყო მიმართული. ახლო კავშირი გვაქვს ერაყის უშიშროების ძალებთან, რომლებსაც ერაყის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა ავალიათ და ამ თავდასხმის გამოძიებაში ჩვენი დახმარება შევთავაზეთ" – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ბოლო კვირებში ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები ბაღდადის მწვანე ზონის ახლოს საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი გასული თვის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და არჩევნებში დარღვევებზე საუბრობენ. უშიშროების ძალებთან დაპირისპირების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, არჩევნების შედეგები ირანთან დაკავშირებულ შეიარაღებული ჯგუფების მიმართ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას ასახავს. ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს 2019 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს 600-მდე დემონსტრანტის მოკვლაში ადანაშაულებენ.

2019 წლის ბოლოს ერაყში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც ძირითადად დედაქალაქ ბაღდადსა და ქვეყნის სამხრეთ ქალაქებში იმართებოდა. მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები