მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

პენიტენციური: ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ვიდეოებს

Georgian Journal

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ რუსთავის N12 დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დახმარების ოთახში მინერალების შემცველ პიურეებს იღებს.

ერთი საათით ადრე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ სააკაშვილი ამ პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით იღებდა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა". – წერს პენიტენციური სამსახური. 

ერთი საათით ადრე გავრცელებულ განცხადებაში პენიტენციური სამსახური წერდა, რომ ისინი მსჯელობენ, გამოაქვეყნონ, თუ არა ვიდეო კადრები და რომ ეს გადაწყვეტილება რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

კომენტარები