მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

პენიტენციური: კვების კადრების გავრცელება რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვმსჯელობთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის თქმით, მსჯელობენ, გაასაჯაროვონ თუ არა მიხეილ სააკაშვილის "საკვების მიღებასთან დაკავშირებული კადრები".

"რაც შეეხება  კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს", - აღნიშნა ნიკა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

"პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა,  გარკვეული პერიოდია, დაიწყო მიღება საკვები დანამატების, მათ შორის,  თხევადი და არათხევადი სახით. ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური  წვენების. ეს პერიოდი,  მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე.  ის იღებს ყველა იმ  საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის" - ამბობს ცხვარაშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე  ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, თუმცა, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პატიმარი ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, უარი თქვა არამხოლოდ წვენზე, არამედ, "მინერალზე, ვიტამინზე(გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა".

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა ამის გამო შიმშილობაც დაიწყეს. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით კი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი სტაციონარში მოთავსების აუცილებლობა არ დგას. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს გლდანის ციხის საავადმყოფოში უმკურნალებენ, რაზეც მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი პირველად 24 ოქტომბერს შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 4 ნოემბერს სააკაშვილის მიღებისთვის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მზაობა კიდევ ერთხელ შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

კომენტარები