გირჩი-მეტი თავისუფლება

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის ეზოში ტუალეტის ქაღალდები შეყარეს, ისინი დააჯარიმეს

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების პოლიტსაბჭოს წევრები 80 ლარით დააჯარიმეს. მიზეზი ცოტნე კობერიძისა და ბორის ყურუას პერფორმანსი გახდა - მათ სუს-ის შენობის წინ მაგიდა დაიდგეს და რევოლუცია დააწერეს, ასევე, ეზოში ტუალეტის ქაღალდები შეყარეს.

პერფორმანსით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის 3 ნოემბრის განცხადება გააპროტესტეს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და განაცხადა, რომ "ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

"პროვოკაციული არაფერი გაგვიკეთებია, ტუალეტის ქაღალდები შევყარეთ, რადგან ცუდი სუნი გამოდის ძალიან და ამან შეიძლება, რაღაცნაირად უშველოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ჯობია, დაიბანონ, რადგან დაბანას არაფერი ჯობია" - უთხრა ბორის (ჩელე) ყურუამ ტაბულას და აღნიშნა, რომ "ზრუნვის გამო, ადამიანებს არ უნდა აჯარიმებდნენ".

კომენტარები