ბოსნია-ჰერცეგოვინა

სეპარატისტული შიშების ფონზე, გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას ანახლებს

EUFOR-ის მულტინაციონალური ბატალიონის ძალები და ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალები საერთო წვრთნებზე
euforbih.org

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის მანდატის გახანგრძლივებას, სეპარატიზმის შიშების ფონზე.

გასულ დღეებში ცნობილი გახდა გაერო-ში ბოსნია-ჰერცეგოვინის უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის, ქრისტიან შმიდტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილი ანგარიშის შინაარსი, რომელშიც ის ამბობდა, რომ ახალი კონფლიქტის რისკი რეალურია.

გაერო-მ ევროკავშირის სამხედრო მისიის მანდატის გახანგრძლივება ერთხმად მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ქრისტიან შმიდტის ანგარიშთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მოსკოვმა გაეროში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენა დაბლოკა.

რუსულმა მხარემ ანგარიშს გავლენის ქვეშ მყოფი და ანტისერბული უწოდა. მოსკოვი არა უბრალოდ ანგარიშითაა უკმაყოფილო, არამედ პოსტზე ახალდანიშნულ ქრისტიან შმიდტს ბოსნია-ჰერცეგოვინის უმაღლეს საერთაშორისო წარმომადგენლად არ აღიარებს.

"ეს პოსტი ვაკანტურია. დღეს არ არსებობს უმაღლესი წარმომადგენელი ან ამ თანამდებობის კანდიდატურა", – ამბობს რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია. 

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქრისტიან შმიდტი სიტყვით არ გამოსულა, რასაც დიპლომატები როგორც რუსეთისა და ჩინეთის დამამშვიდებელ ნაბიჯს უყურებენ. დანარჩენ ქვეყნებს ევროკავშირის სამხედრო მისიის გახანგრძლივებისთვის ამ ორი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებოდათ. 

შმიდტის ანგარიშის შინაარსი საბჭოს 15 წევრ ქვეყანას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააცნო. 


გაერო-ში ბოსნია-ჰერცეგოვინას უმაღლესი წარმომადგენლის, ქრისტიან შმიდტის თქმით ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალი კონფლიქტისა და ქვეყნის გაყოფის შესაძლებლობა რეალურია. ის ამის შესახებ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშში საუბრობს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფოში გაერთიანებულია ორი პოლიტიკური ერთეული: სერბთა რესპუბლიკა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია. შმიდტის ანგარიშამდე, 14 ოქტომბერს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა გააჟღერა მუქარა სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სერბთა რესპუბლიკის ორგანოების გამოყოფის შესახებ. მუქარა მოიცავდა ბოსნია-ჰერცეგოვინის შეიარაღებული ძალებიდან ეთნიკური სერბების გამოყოფასაც. დოდიკის თქმით, ის ამ შემთხვევაში, ბოსნიის ძალებს სერბთა რესპუბლიკის დატოვებას აიძულებდა, მათი ყაზარმების ალყაში მოქცევით. ასევე დაამატა, რომ თუ დასავლეთი ინტერვენციას შეეცდებოდა, მას ჰყავს "მეგობრები", რომლებიც დახმარებას დაჰპირდნენ. მეგობრებში მან ტრადიციული მოკავშირეები, სერბეთი და რუსეთი იგულისხმა. 

"დაყოფისა და კონფლიქტის შესაძლებლობა დიდია", – წერს ქრისტიან შმიდტი ანგარიშში და ამატებს, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ეს, ომის შემდეგ პერიოდში, ყველაზე დიდი საარსებო საფრთხეა.

შმიდტი წერს, რომ თუკი მუქარები განხორციელდება, ეს "აბსოლუტურად გამოუთხრის ძირს სახელმწიფოს ფუნქციონირებისა და კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას". 

შმიდტის შეფასებით, დოდიკის მუქარა, შესრულების შემთხვევაში, გაუტოლდება სეცესიას, ამის გამოცხადების გარეშე და თუ საერთაშორისო საზოგადოება ამას არ უპასუხებს, საფრთხე ექმნება 1995 წლის დეიტონის ზავს, შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთს შორის ომი შეწყდა. 

შმიდტი გაერო-ს აფრთხილებს, რომ თუკი ეთნიკური სერბები ბოსნია-ჰერცეგოვინის არმიას გამოეყოფიან, საჭირო გახდება რეგიონში მეტი სამშვიდობოების გაგზავნა, რათა თავიდან აიცილონ ახალი ომი. ამჟამად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო სამშვიდობო დავალებას ევროკავშირის სპეციალური ჯგუფი, EUFOR-ი ასრულებს, რომელიც 700-კაციანი კონტინგენტისგან შედგება. ასევე, ფორმალურად წარმოდგენილია NATO-ც, რომელსაც სარაევოში შტაბბინა აქვს. 

გასულ თვეში ბოსნიის სერბების პოლიციამ ჩაატარა "კონტრ-ტერორისტული ვარჯიშები", იაჰორინას მთაზე. ამ მთას სერბეთის ძალები, 1992-1995 წლებში, სარაევოს ალყის დროს, ქალაქზე საარტილერიო ცეცხლის გასახსნელად იყენებდნენ. 

შმიდტი ფიქრობს, რომ შესაძლოა მოხდეს შეტაკებები ბოსნიის სამართალდამცველ ორგანოებსა და სერბულ პოლიციას შორის. 

ბოსნიის ომი 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ბოსნიელმა სერბებმა, იუგოსლავიის ჯარების დახმარებით, სცადეს ეთნიკურად სუფთა ტერიტორიების შექმნა და სერბეთთან გაერთიანება. ამავეს ცდილობდნენ ბოსნიელი ხორვატებიც, ხორვატიის დახმარებით. 

ომი მუსლიმ ბოსნიელებს, მართლმადიდებელ სერბებსა და კათოლიკ ხორვატებს შორის 1995 წელს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული დეიტონის შეთანხმებით დასრულდა. ზავის შედეგად, ერთ ქვეყანაში გაერთიანდა ორი ადმინისტრაციული ერთეული: სერბული უმრავლესობის სერბთა რესპუბლიკა და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობის ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია

კომენტარები