მოსკოვის საპატრიარქო

რუსეთმა სომხეთის ქართული ეპარქია მიიტაცა – საპატრიარქო დუმს

მოსკოვის საპატრიარქო

რუსეთმა სომხეთის ქართული ეპარქია მიიტაცა – საპატრიარქო დუმს

მოსკოვის საპატრიარქომ მიმდინარე 2021 წლის 15 ოქტომბრის სინოდური განჩინებით ოფიციალურად დაარღვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციული საზღვრები და მიიერთა მთელი სომხეთის მართლმადიდებელი სამწყსო, მათ შორის აგარაკ-ტაშირის ეპარქია, დააარსა რა "ერევნისა და სომხეთის ეპარქია".

მოსკოვის საპატრიარქომ, ანუ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დე-ფაქტოდ საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის საზღვრების დარღვევა რა ხანია დაიწყო ჯერ კიდევ აფხაზეთში, 1994 წლიდან, როდესაც ახდენდა და დღემდე ახდენს მღვდლების ხელდასხმებს და დადგინებებს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მოქმედ ტაძრებში: ილორში, დრანდაში, მოქვში, ლიხნში, გუდაუთაში, სოხუმში და ა.შ. აგზავნის მირონს და ოდიკებს, ანუ ანტიმინსებს წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. აფხაზეთის ყველა ამ ეკლესიებში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის სახელი მოიხსენიება წირვა-ლოცვებში, როგორც მათი მმართველი მწყემსმთავრისა.

მსგავსი ანტიკანონიკური მტაცებლური შემოჭრა განახორციელა დემონსტრაციული ფორმით მოსკოვის საპატრიარქომ ოკუპირებულ შიდა ქართლშიც, ქ. ცხინვალში, სადაც 2015-2018 წლებში ააგო დიდი ეკლესია წმ. სამების სახელზე და დაადგინა ვლადიკავკაზი-ალანიის რუსული ეპარქიის მღვდელი სერგეი კოკოევი წინამძღვრად. ცხინვალში ამ ეკლესიის მშენებლობას პატრიარქ კირილეს დავალებით ოფიციალურად კურირებდა ვლადიკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის (ე.ი. მიტროპოლიტ ი. ალფეევის) მოადგილე, მეუფე ლეონიდე (გორბაჩოვი).

მიმდინარე 2021 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდმა დაარსა ერევნისა და სომხეთის ეპარქია, სწორედ ეს მთავარეპისკოპოსი ლეონიდე (გორბაჩოვი), ცხინვალის ეპარქიის მიმთვისებელ-დამპყრობელი გადმოიყვანა ამ ახლად შექმნილ კათედრაზე ტიტულით 0 "მთავარეპისკოპოსი ერევნისა და სომხეთის".

რამდენადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკით ეპისკოპოსის ხელისუფლება ტერიტორიულია და არა ეთნიკური, ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიარქო სომხეთის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარს და ყველა მართლმადიდებელს, განურჩევლად მისი ეთნიკურობისა, მათ შორის სომხეთში არსებულ ისტორიულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს (ახტალა, ქობაირი, ძელიჭეშმარიტი, კირანცი, კოში …) და მრევლს თავის იურისდიქციად და საკუთრებად მიიჩნევს, ტიტულიც ამაზე მეტყველებს: ეპისკოპოსი ერევნისა და სომხეთის. ასევე აღნიშნული ფაქტი გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი იურიდიულად გაფორმდება და აისახება სომხური კანონმდებლობით, საამისოდ ერევანში წინა თვეებში სამუშაო ვიზიტით მივლენილი იყო მთ. ეპ. ლეონიდე, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა სომხეთის სახელმწიფო და საეკლესიო მაღალჩინოსნებთან. 

პატრიარქმა კირილე მოსკოველმა ამ ანტიკანონიკური, რუსულ-იმპერიალისტური აქტით უხეშად დაარღვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულად არსებული ტერიტორიული საზღვრები, რომელიც ასახულია 1995 წლის საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების პირველი თავის მეორე პარაგრაფის მე-3 პუნქტში - "§2. საქართველოს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომ - საქართველოს ეკლესიის) იურისდიქციაში შედიან:... 3. სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანები."

საქართველოს ეკლესიის ეს კანონი და განწესება ემყარება განვითარებული შუა საუკუნეების საეკლესიო კანონიკურ ვითარებას, როდესაც საქართველოს საკათალიკოსოს ჰქონდა ეპარქიები ისტორიულ სომხეთში: ანისის, კარის (ყარსის), ვალაშკერტის საეპისკოპოსოები და დიდი სომხეთის სამიტროპოლიტო (იხ. "განგება დარბაზობისა", მე-13 საუკუნის ქართული სახელმწიფო და საეკლესიო სამართლის ძეგლი). 

საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია სომხეთის მართლმადიდებლურ სამწყსოზე აღიარებული იყო მოსკოვის საპატრიარქოს 1943 წლის 19 ნოემბრის N12 სონოდური და საპატრიარქო განჩინების პირველი დადგენილების ე პუნქტით, შესაბამისად კირილემ თავისი წინამორბედის, პატრიარქ სერგის (სტრაგოროდსკი) განჩინებაც დაარღვია და გააუქმა, რომელშიც წერია: " ე) ეთხოვოს [საქართველოს] უწმინდეს კათოლიკოს-პატრიარქს, თავის დაქვემდებარებაში მიიღოს საქართველოს ფარგლებს გარეთ - სომხეთში მცხოვრები რუსული მართლმადიდებელი მრევლი და განიხილოს მისი საეკლესიო საქმეები, რომლებიც, მართალია, საქართველოს სსრ-ს საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ, მაგრამ დიდი მანძილისა და  სხვა მსგავსი სახის დაბრკოლებების გამო   უძნელდებათ ურთიერთობა  რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელობასთან." 

საეკლესიო კანონიკით მოსკოვის პატრიარქი კირილე გუნდიაევი და მთავარეპისკოპოსი ლეონიდე გორბაჩოვი სხვა საპატრიარქოს იურისდიქციის მრავალგზისი დარღვევის და მითვისებისათვის (ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, ცხინვალის ეპარქია, აგარაკ-ტაშირის ეპარქია, სომხეთის სამწყსო) ხარისხიდან განკვეთას და დამხობას იმსახურებენ, კერძოდ იხილეთ დიდი და წმინდა რჯულის კანონის (ანუ ნომოკანონის) შემდეგი კანონები:

  1. მოციქულთა კანონი 35-ე - "ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელდასხმა მოახდინოს ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან. ხოლო თუ მხილებულ იქნება, რომ ასეთი ქმედება ჩაიდინა იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, ვის დაქვემდებარებაშიაც ეს ქალაქები და სოფლები შედიან, განკვეთილ იქნეს ისიც და მის მიერ დადგენილნიც“.
  2. ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი მე-8 - "საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა - ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათა კანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული“.
  3. კონსტანტინოპოლის VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები (იგივე ტრულის ანუ  V-VI კრების) კანონი მე-20 - "ეპისკოპოსს არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში არ შედის, ხოლო ვინც ,შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, განკანონებულ იქნეს ეპისკოპოსობიდან და მხოლოდ სამღვდელო საქმე აკეთოს".
  4. კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრების კანონი მე-2 - "სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არის განლაგებული, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში შერევა. კანონის შესაბამისად ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს, აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა კი მხოლოდ აღმოსავლეთში განაგონ, მაგრამ ამასთანავე ანტიოქიის ეკლესიის უპირატესობის დაცვით, - თანახმად ნიკეის კრების განჩინებისა. ასიის ეპისკოპოსებმა მხოლოდ ასიაში მართონ ეკლესიები, პონტოელმა ეპისკოპოსებმა - პონტოში, თრაკიელებმა - თრაკიაში. თუ არ იქნებიან მიწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთ სამთავროს საზღვრებს ხელდასასხმელად, ან სხვა რაიმე საეკლესიო განკარგულების გასაცემად. საეკლესიო სამთავროს კრება, როგორც ეს ნიკეაშია განჩინებული. რაც შეეხება უცხო ტომთა შორის არსებულ საღვთო ეკლესიებს, ისინი უნდა იმართებოდნენ მამათაგან დაწესებულ ძველ კანონთა მიხედვით“.
  5. ანტიოქიის ადგილობრივი წმინდა კრების კანონი მე-13 - "ეპისკოპოსმა არ უნდა გაბედოს ერთი სამთავროდან [ეპარქიიდან] სხვა სამთავროში გადასვლა, იქ ეკლესიაში ხელთდასხმისა და ჟამისწირვის აღსრულება და არც სხვა უნდა წაიყვანოს თან, თუ არ იქნება მიწვეული მიტროპოლიტისა და მასთან მყოფი იმ ეპისკოპოსების წერილებით, რომელთა სოფლებშიც მიდის. ხოლო თუ მოწოდების გარეშე წავა უწესოდ ვინმეს ხელთდასხმისათვის და იმ საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად, რაც მის უფლებებში არ შედის, მის მიერ აღსრულებული [საქმე] დაუმტკიცებლად უნდა ჩაითვალოს, ხოლო მას მისი უწესო და უსამართლო წამოწყების შესაფერისი სასჯელი უნდა მიეზღოს, როგორც განკვეთილს წმინდა კრების მიერ“.
  6. იმავე წმინდა კრების კანონი 22-ე - "ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის, ხელთ ნუ დაასხამს ვისმე, ნურც მღვდელს და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში. გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ისეთ შემთხვევაში, თუ იმ ადგილის ეპისკოპოსი თანახმაა. თუ ვინმემ გაბედოს ამისი მსგავსი რამ, ხელთდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მიხედვით“.

მოყვანილი საეკლესიო კანონების ტექსტებიდან სრულიად ცხადია, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე და ვლადიკავკაზის, აწ ერევნისა და სომხეთის ეპისკოპოსად უკანონოდ წოდებული  ლეონიდე გორბაჩოვი განკვეთას ექვემდებარებიან, როგორც სხვისი ეპარქიის (საქართველოს საპატრიარქოს ცხინვალის ეპარქიის, აგარაკ-ტაშირის ეპარქიის და სომხეთის სამწყსოს ოფიციალურად მიმტაცებლები და კანონიკური ქაოსის შემომტანნი წმინდა ეკლესიაში, რომელიც ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო წმ. კრების შეფასებით: „საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი... ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვმადლა“ (კანონი მე-8).

კირილე მოსკოველის ქმედება საფრთხეს უქმნის ქ. ერევანში არსებულ საქართველოს საპატრიარქოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის მოქმედ  ეკლესიას, მის მღვდელს, დეკანოზ ალექსანდრე შკარბანენკოს და მრევლს, რადგან მოსკოვი ეცდება მათზე ზეწოლას და მიერთებას. საქართველოს საპატრიარქო ამ საეკლესიო დიდ სკანდალს არ ახმაურებს და არანაირ საჯარო რეაგირებას არ ახდენს, შესაბამისად არ ვიცით რა ხდება ერევანში, ამიტომ აუცილებელია ქართველმა ჟურნალისტებმა ჩააკითხონ ერევნის ქართულ ეკლესიას და მამა ალექსანდრეს და გამოიძიონ მათი მდგომარეობა.

ჩნდება შეკითხვა - რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა მხარემ? ნორმალური და ღირსეული საპატრიარქო პროტესტის ნიშნად ამ იმპერიალისტური და ანტიკანონიკური აგრესიის გამო შეწყვეტდა ევქარისტიულ კავშირს მოსკოვის საპატრიარქოსთან და კანონიკური საჩივრით მიმართავდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რადგან მხოლოდ მისი კანონიკური პრეტოგატივაა ორ ეკლესიას შორის წარმოშობილი კანონიკური დავის განხილვა და დამნაშავე მხარის დასჯა- საეკლესიო განკანონება. მაგრამ ქართული მხარე სრული კოლაბორაციონიზმის ავლენს და კაპიტულაციის გზას ადგას. საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელი ადმინისტრაციის ეს არნახული უსუსურობა და მონურობა არის პირდაპირი ღალატი საქართველოს ეკლესიის მიმართ და მომავალში ისტორიოგრაფიის მიერ სათანადო სიმძიმით შეფასდება, როგორც ქართული ეროვნული და ეკლესიური ინტერესების გამყიდველობა და მოღალატეობა, რუსეთის დაკვეთის შესრულება და აგენტობა.

კომენტარები