კვირას, 10 აპრილს, რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის პატრიარქმა კირილმა ФСБ-ს აკადემიასთან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა და ახლადნაკურთხ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღასრულა. რუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, ტაძარი ФСБ-ს (უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის) ხელმძღვანელობის ინიციატივით აიგო.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი; ФСБ-ს აკადემიის უფროსი ვიქტორ ოსტრუხოვი; რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი, სხვებთან ერთად.
ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის პატრიარქმა ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის სერგი რადონეჟელის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.