არჩევნები 2021

ბოკერია: ნუ გვექნება სწრაფი წარმატების მოლოდინი, მოვემზადოთ არამოკლევადიანი ბრძოლისთვის

გოგლიკო ფიფია/ევროპული საქართველო

"ნაბიჯი წინ გადაიდგა, ამაზე მანიპულაციის შემდეგ შედეგებიც მეტყველებს, რა მხარდაჭერაც მოიპოვეს ოპოზიციურმა კანდიდატებმა და რა ტიპის მხარდაჭერაც გამოხატა საზოგადოებამ რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა სამწუხაროდ საკმარისი". - ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თვითმმართველობის არჩევნები პირველად შეაფასა. 

მისივე თქმით, ამ ბრძოლას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა, რომელიც მისი აზრით, გრძელვადიანი პროცესი იქნება. 

"ასეთ ვითარებაში ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაგრამ ლოზუნგი, რომ არჩევნები გაუქმებულია ჩვენ, ევროპულ საქართველოს მცდარად მიგვაჩნია, არსებითად და პრაგმატულად. ასეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდამჭერის მოპოვება სჭრიდება, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას. 

ჩვენ საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, ეს არის რეალობა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ, ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში, იმიტომ, რომ ეს განცხადებები, რომ აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ, ეს პირიქით, ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და სასოწარკვეთაში საზოგადოების ჩაგდებას". - ამბობს ბოკერია. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები