არჩევნები 2021

კახიძე: შარშან, იგივე მეთოდებით ჩატარებული არჩევნების მერე, ბოიკოტი არ უნდა შეწყვეტილიყო

ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილის რეჟიმი:

- ხარჯავს ბევრ ფულს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე;
- სრულად მართავს ადმინისტრაციულ რესურსს;
- აკონტროლებს საარჩევნო კომისიებს და სასამართლოს;
- ზეწოლას ახდენს, აშინებს და ძალადობს ამომრჩევლებზე;
- დევნის და ავიწროებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას. 

ამის მიუხედავად, არჩევნების ოფიციალური შედეგებითაც კი,  ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სხვაობა არის მინიმალური. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თავს მარგინალურ უმცირესობად ნუ იგრძნობთ. ჩვენც ბევრნი ვართ, როგორც მინიმუმ - არანაკლები. 

ასევე თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ხელისუფლებას მომხრეები არ ჰყავს და ყველა მოსყიდული ან დაშინებულია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდებიან (ჩემი აზრით), მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ. ასევე ილუზიაა, რომ სახლში ვინც დარჩა, იმათ ყველას ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა, მათ უბრალოდ უკეთესი ალტერნატივა ვერ დაინახეს. 

ამიტომ, ახლა არც ისტერიკის დროა და არც დეპრესიის. სამუშაოა ბევრი. სამართლებრივი გზებითაც საბრძოლველია, მშვიდობიანი პროტესტიც საჭიროა, წარსული ნაბიჯებიც გასაანალიზებელია და სამომავლოც - დასაგეგმი. 

შემდგომ არჩევნებზე ოპოზიციის მხარდაჭერა უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ დამოუკიდებელი მედიის ექსიტპოლით მთავრობამ 40% ვერ აიღოს. რთულია, მაგრამ სხვა სცენარები კიდევ უფრო რთულია, მეტიც - არარეალისტური და რაც მთავარია, ქვეყნისთვის ზიანის მომტანი. 

კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რომ შარშან, როცა იგივე მეთოდებით ჩაატარეს არჩევნები, ბოიკოტი არ უნდა შეწყვეტილიყო და პარლამენტში არ უნდა შევარდნილიყვნენ, არც პლებისციტი უნდა დაეთმოთ, დავიღალეთ - არ უნდა ეძახათ. პოლიტიკაში ნებისყოფა და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. ბოიკოტის საკითხი კვლავ უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში. ასევე პოლიტიკური დევნის დასრულება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. 

მოქალაქეთა ნახევარი რომ პოლიტიკური პროცესის მიღმაა, ეგ სახიფათო ვითარებაც განსამუხტია და ვადამდელი არჩევნების თემაც დასაბრუნებელი. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჭკვიანი, თანმიმდევრული და ნებისყოფიანი პოლიტიკოსების როლი.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები