არჩევნები 2021

OSCE: დამკვირვებლები პარტიების მხარდამჭერებივით იქცეოდნენ, საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ

არჩევნები
ტაბულა

OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასების ანგარიშის თანახმად,  ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები მთლიანობაში დადებითად შეფასდა, რამდენიმე პროცედურული ხარვეზის მიუხედავად.

"მთლიანობაში დადებითად შეფასდა ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები, რამდენიმე პროცედურული ხარვეზის მიუხედავად, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში. თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ესწრებოდნენ საარჩევო პროცესს, მოქმედებდნენ, როგორც პარტიების მხარდამჭერები და დროდადრო საარჩევნო პროცესს ხელს უშლიდნენ. და ასევე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ცალკეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა" - ნათქვამია ანგარიშში.

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურს აკვირდებოდა. მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს. მეორე ტურისთვის ქვეყანაში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის 16 წევრი დარჩე, ხოლო არჩევნების დღეს დაკვირვებაში მონაწილეობდა 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიში სადამკვირვებლო მისიის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.


30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები