არჩევნები 2021

დიდი ალბათობით, II ტურში არასახელისუფლებო არხების ეგზიტპოლების შედეგები არ გამოქვეყნდება

დიდი ალბათობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ხვალ, 30 ოქტომბერს გაიმართება, არასახელისუფლებო არხების ეგზიტპოლების შედეგები არ გამოქვეყნდება. 

მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება.

ტაბულა ასევე დაუკავშირდა ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის მოადგილეს, გიორგი თარგამაძეს. მისი თქმით, ფორმულას მეორე ტურისთვის ეგზიტპოლის ჩატარება არ დაუკვეთავს. TV ფორმულასთვის არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლი კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.

მეორე ტურისთვის ეგზიტპოლებს სამთავრობო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კომპანია GORBI ჩაატარებს.

კომენტარები