არჩევნები 2021

ოცნების აქციის გამო, თავისუფლების მოედანი ამაღამ გადაიკეტება – ალტერნატიული მარშრუტები

მარიამ ნიკურაძე/OC Media

ქართული ოცნების დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

გადაადგილება აიკრძალება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ" - აცხადებს თბილისის მერია.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

  • ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.
  • ავტობუსები – N31, N37, N46, N301, N345, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, მ. ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან და შემდგომ იხელმძღვანელებენ დადგენილი სქემით.
  • მიკროავტობუსები – N2, N31, N72, N120, N133, N137, N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და მ. ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან. შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
  • ავტობუსების – N50, N71, N344 და მიკროავტობუსები N140, N149, N176 მარშრუტები, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ნ. ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.
  • ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ).
  • N124 ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს, შემდგომ კი, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, N124 ავტობუსი ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ რუსთაველამდე გადაადგილდება.

არჩევნების მეორე ტურებამდე 3 დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქართული ოცნება აქციას გამართავს.

"გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე". – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქციაზე "ათეულობით ათასი" ადამიანი შეიკრიბება. 

"რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი აქცია, რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ეს არის ნამდვილი რეალური აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. 

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ მას სურს ბოროტების დამარცხება". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები