არჩევნები 2021

"გელოდებით თავისუფლების მოედანზე" – 27 ოქტომბერს ოცნება წინასაარჩევნო აქციას გამართავს

ტაბულა

არჩევნების მეორე ტურებამდე 3 დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქართული ოცნება აქციას გამართავს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ქართული ოცნების აქცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მსგავსად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. 

"გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების მოედანზე". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის თქმით, აქციაზე "ათეულობით ათასი" ადამიანი შეიკრიბება. 

"რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, ეს მესიჯბოქსია, რომელიც დაალაგეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. არავითარი კონტრაქცია ეს არ არის, ეს არის შემაჯამებელი აქცია, რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ეს არის ნამდვილი რეალური აქცია, რომლის მიზანია ხალხისთვის ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. 

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ მას სურს ბოროტების დამარცხება". – ამბობს ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები