კრიმინალი

პროკურატურა: პირს, რომელიც 14 წლამდე გერზე სექსუალურად ძალადობდა, 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელიც 14 წლამდე გერზე სექსუალურად ძალადობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ",  მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებითა და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა.

კომენტარები