ავღანეთი

თალიბანი საკუთარ თვითმკვლელ ტერორისტებს ადიდებს, მათ ოჯახებს ფულსა და მიწებს ჰპირდება

თალიბანის წარმომადგენლები თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე. გავრცელებულ ფოტოში დაფარულია მათი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, სირაჯუდდინ ჰაკანის სახე. მასზე აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული.

თალიბანმა საკუთარი თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებიც ყოფილ მთავრობასა და მის დასავლელ პარტნიორებს ებრძოდნენ, განადიდა და მათ ოჯახებს ფულისა და მიწების გადაცემას დაჰპირდა.

თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახის წევრებს ქაბულის საერთაშორისო სასტუმროში (სასტუმრო, რომელშიც 2018 წელს დაჯგუფებამ ტერაქტი მოაწყო) შეხვდა თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი, სირაჯუდდინ ჰაკანი, რომელზეც აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს ძებნა აქვს გამოცხადებული.

შეხვედრის ოფიციალურად გავრცელებულ ფოტოებში დაფარულია სირაჯუდდინ ჰაკანის სახე. 

"საკუთარ სიტყვით გამოსვლაში მინისტრმა განადიდა ჯიჰადი, წამებულებსა და მუჯაჰიდებს. მათ ისლამისა და ქვეყნის გმირები უწოდა", – ნათქვამია თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეხვედრაზე თვითმკვლელი ტერორისტების ოჯახის წევრებს გადასცეს ტანსაცმელი და 10 000 ავღანი, რაც დაახლოებით $111 არის. ასევე მათ მიწების გადაცემას დაჰპირდნენ. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები