მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოზი ილია სააკაშვილს: მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთი პატრიარქის მიმართ

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. მამა ილია სააკაშვილს მოუწოდებს, "მოეშვას პირფერობას საბჭოთა გადმონაშთის", კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ. 

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, უნდა გააცნობიეროთ, რომ დღეს, 2012 წელი აღარაა და ილია მეორე არათუ ავტორიტეტი აღარ არის ქართველი ერისთვის, განსაკუთრებით ახალი თაობებისთვის, არამედ ის არის გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი, საქართველოს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად. 

ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე. მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ". - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავაც გამოეხმაურა. ცაავამ სააკაშვილს მიმართა, რომ "გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია, არა საბჭოთა პატრიარქში".

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ წმინდა სინოდის ძირითად პოზიციებს იზიარებს, მათ შორის სხვა ეკლესიებთან ურთიერთობაზე. წმინდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია. 

18 ოქტომბერს პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-პოსტში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით 19 ოქტომბერს თეოლოგი გოჩა ბარნოვი გაემგზავრება სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდებიან, სადაც ბარნოვი მსოფლიო პატრიარქს ეტყვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამ საკითხს პირდაპირ არ ეხება, თუმცა, წერს, რომ სურს გამოეხმაუროს რუსეთის მხრიდან მორიგ "პროვოკაციასა" და "სპეკულაციას".

"შემდგომშიც ყველა ძირითად საკითხში, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან ურთიერთობებში, ვიყავი და ვარ პატრიარქისა და წმინდა სინოდის ძირითადი პოზიციების მიმდევარი". – წერს სააკაშვილი წერილში.  

საგულისხმოა, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერდა. 2 თვის წინ, 24 აგვისტოს მსოფლიოს პატრიარქის კიევში ვიზიტის ფარგლებში ის ბართლომეოს პირველს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერისთვის. 

კომენტარები