აზერბაიჯანი

ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის

აზერბაიჯანი

ირანის ალყაში მოქცევის შიში – დაძაბულობა თეირანსა და ბაქოს შორის

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაპირისპირება შესამჩნევად გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ამ ეტაპზე მხოლოდ სიტყვიერია, თუმცა ვნახეთ ძალის დემონსტრაციაც. 

უთანხმოებას რამდენიმე გამომწვევი გარემოება აქვს: პირველი - სექტემბერში აზერბაიჯანის თურქეთისა და პაკისტანის მიერ, ირანის საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით ჩატარებული ერთობლივი ორკვირიანი წვრთნები; მეორე - აზერბაიჯანის მიერ ირანელი მძღოლებისთვის სომხეთის ტერიტორიაზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა და ორი მძღოლის დაკავება; და მესამე - აზერბაიჯანისა და ისრაელის ახლო ურთიერთობა. 

ირანმა, საკუთარი ძალის დემონსტრაციისთვის, თავადაც ჩაატარა მასშტაბური სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად, რამაც ამ უკანასკნელის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეშფოთება გამოიწვია. “ყველა ქვეყანას შეუძლია სამხედრო ვარჯიშების საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარება. მაგრამ რატომ ახლა და რატომ ჩვენს საზღვარზე?” - თქვა ალიევმა და გაუსვა ხაზი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს ირანის პირველი დიდი ძალის დემონსტრაცია იყო.

ფატეჰან-ე ხაიბარის სამხედრო წვრთნები

ირანს, როგორც რეგიონალურ ძალას, უკვე ორი საუკუნეა, რაც სამხრეთ კავკასიაში გავლენა აღარ აქვს. მას გავლენის სფერო, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიამ წაართვა.დღეს ირანის ყურადღების ეპიცენტრში ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურეა, თუმცა ვერც მოსაზღვრე სამხრეთ კავკასიას დატოვებს უყურადღებოდ.

რეგიონის გეოპოლიტიკა შეცვალა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა, რომელიც აზერბაიჯანის გამარჯვებით და სეპარატისტული ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებით დასრულდა. 44-დღიანმა კონფლიქტმა აჩვენა, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთმა, ბაქოსთან თანამშრომლობით, საგრძნობი გავლენა მოიპოვა, რაც აღელვების საფუძველს აჩენს არა მხოლოდ თეირანისთვის, არამედ მოსკოვისთვისაც. ამას გარდა, ირანისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანს მის მთავარ რეგიონალურ მეტოქესთან, ისრაელთან საკმაოდ ახლო სამხედრო კავშირი აქვს, რაც ბაქოს ყარაბაღში მიღწეულ წარმატებაშიც დაეხმარა.

აზერბაიჯანისა და ისრაელის თანამშრომლობაზე თეირანმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. “ირანის ისლამური რესპუბლიკა არ მოითმენს საზღვართან ახლოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ სიონისტური რეჟიმის ყოფნასა და ქმედებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ საჭირო ქმედებას მივმართავთ”, - 1-ელ ოქტომბერს, აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის დროს თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა, ხოლო 3 ოქტომბერს ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა: “ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ძმებისთვის საფლავს თხრის, მასში პირველი თავადვე ჩავარდება”.

სამხედრო ვარჯიშები

პაკისტანი-თურქეთის თანამშრომლობა აზერბაიჯანთან სექტემბრის ვარჯიშებამდე, აგვისტოში უკვე დაწყებული იყო, თუმცა “სამი ძმის” წვრთნებმა აჩვენა, რომ ირანი, სამხედრო კოოპერაციის თვალსაზრისით, რეგიონალურ ძალებს განყენებული ჰყავთ. მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინება, რომ თურქეთს NATO-ში სიდიდით მეორე ჯარი ჰყავს, პაკისტანი კი ბირთვული სახელმწიფოა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან კომენტარი გააკეთა ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორმაც, ტურაჯ ათაბაკიმ: “თურქეთს NATO-ში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, პაკისტანი კი რეგიონში ბირთვული ძალაა. როდესაც ეს ორი ქვეყანა აზერბაიჯანს სამხედრო მანევრებში უერთდება, ეს აღელვებს რუსეთსა და ირანს, [ირანის] ისლამური რესპუბლიკის სამხედრო მანევრები კი მათ შიშებს ასახავს”.

თურქი, აზერბაიჯანელი და პაკისტანელი სამხედროები, სამი ძმის წვრთნების ფარგლებში

საკუთარი წუხილი გამოხატა ირანის ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენელმა, აიათოლა ჰასან ამელიმაც. მისი თქმით, მოხდა ინციდენტი, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. 

“წვრთნების ღამეს, თურქულმა გაზეთმა, “იენი საფაკმა”, რომელიც თურქეთის მთავრობისა და პრეზიდენტის შეხედულებებს გამოხატავს, აზერბაიჯანის პარლამენტართან ინტერვიუსთვის შემდეგი სათაური აირჩია: “ირანი რუკიდან გაქრება”. რადგან ირანის, როგორც მეზობლის, უფლებებს პატივს არ სცემენ, ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს ვთხოვთ, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს, საზღვრის საკუთარ მხარეს, ირანის ნახევარი ძალის დემონსტრაციის უფლება მისცენ, რათა მათ ვუთხრათ - “ლომის კუდით არ ითამაშოთ””, - თქვა აიათოლა ჰასან ამელიმ, ირანული მედია Bornanews-ის ცნობით.

ირანის ოქტომბრის წვრთნებისთვის გამზადებული ტანკები

ამას გარდა, “სამი ძმის” ვარჯიშებს წინ უსწრებდა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, რასაც ირანის უკმაყოფილება მოჰყვა. თეირანის კრიტიკა ეფუძნებოდა 2018 წელს გაფორმებულ კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის კონვენციას, რომლის მიხედვითაც, ამ წყლებში მის აუზში არმყოფ ქვეყნებს სამხედრო გემების შეყვანის უფლება არ აქვთ. საქმე ისაა, რომ, რეალურად, თეირანის უკმაყოფილება უსაფუძვლოა, რადგან თავად კონვენციის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ (ირანი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელსაც ამ კონვენციის რატიფიკაცია ამ დრომდე არ მოუხდენია), შესაბამისად, ხელშეკრულება სამართლებრივად ქმედითი არაა.

ირანმა სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ძალის დემონსტრაციისთვის მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. სიმბოლური იყო 1 ოქტომბერს დაწყებული სამხედრო მანევრების სახელი “ფატეჰან-ე ხაიბარ” - ხაიბარის დამპყრობლები, რაც სიმბოლურად უკავშირდება 628 წლის ხაიბარის ბრძოლას, რომელშიც არაბებმა, წინასწარმეტყველი მუჰამედის მეთაურობით, ხაიბარელი ებრაელები დაამარცხეს. 

ალი კლავს ხაიბარელთა ერთ-ერთ მეომარს, მარჰაბს.
1910 წლის ნახატი.

ირანის აზერბაიჯანის მიმართ შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ისრაელთან არსებული ურთიერთობა არის. მეტიც, ირანის არმიის სახმელეთო ძალების ბრიგადირ-გენერალმა, კიუმარს ჰემიდარიმ ღიად თქვა: “რეგიონის ქვეყნებში სიონისტური რეჟიმის მარიონეტული ძალების ღია და ფარული ყოფნა, ასევე, ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ტერორისტების გარკვეული რაოდენობის არსებობის შესაძლებლობა ამ წვრთნების მნიშვნელობას ზრდის”.

ირანის ძალის დემონსტრაცია თურქეთსა და აზერბაიჯანს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ. მათ მალევე, 5-8 ოქტომბერს გამართეს მომდევნო ვარჯიშები, სახელად “ურყევი ძმობა 2021”.

სავაჭრო-საგზაო უთანხმოება

ოქტომბრის უთანხმოება მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ ირანელი მძღოლებისთვის გორის-კაპანის გზაზე დაწესებულ რეგულაციებს. ბაქომ გაზარდა იმ სატვირთო მანქანების მძღოლთა გადაადგილების გადასახადი, ვინც სომხეთში მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებული ტერიტორიების გავლით გადადიოდა. ამას გარდა, ორი მძღოლი დააკავეს კიდეც, რასაც, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნა მოჰყვა. ბაქოს მსგავსი პოლიტიკა იმის ერთ-ერთი ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიცვალა რეგიონის გეოპოლიტიკა 2020 წლის 44-დღიანი კონფლიქტის შემდეგ.

ბაქოს ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად სომხეთის საზიანოდ იყო მიმართული. შეიძლება ითქვას, რომ მათ ისეთი რეალობის შექმნა სურთ, რომელშიც ერევანი ფაქტობრივად ეკონომიკურ ბლოკადაში და სრულად აზერბაიჯანი-თურქეთზე დამოკიდებული იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, სავაჭრო გზის ფაქტობრივი გადაკეტვა (შეზღუდვების შედეგად გზაზე რამდენიმე დღის განმავლობაში საცობი იყო), ირანისთვისაც საზიანოა.

აზერბაიჯანის პასუხად, თეირანმა მალევე გამონახა სომხეთში სატვირთოების შესასვლელად ალტერნატიული გზის იდეა. ერევანს ეწვია ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილე, ხეიროლა ხადემი. მხარეები ნორდუზი-ერევნის მაკავშირებელი გზის გახსნაზე შეთანხმდნენ. ეს მარშრუტი სიუნიქის პროვინციაში მდებარე ტათევის გავლით გაივლის. აქ ახლა გზის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საკითხს თავად ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი, როსტამ ყასემიც გამოეხმაურა. ირანული პრესის ცნობით, მან თქვა, რომ ნორდუზ-სომხეთის კორიდორის პრობლემა გადაწყვეტილია და დაამატა, რომ ვინც ამ საკითხში პრობლემებს ქმნიდა, უნდა იცოდნენ, რომ მათთვის არც ერთი გზა არ დარჩება ჩაკეტილი, ხოლო “ჩატეხილი ხიდების” აღდგენა რთული იქნება.

ამ ახალი საგზაო უთანხმოებების გარდა, ირანისთვის პრობლემას წარმოადგენს აზერბაიჯანის მიერ ზანგეზურის კორიდორის გახსნის მოთხოვნა. ეს სურვილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზერბაიჯანმა სეპარატისტული ტერიტორიების ნაწილების დაბრუნება შეძლო. ზანგეზურის გზა, გახსნის შემთხვევაში, სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით გავა და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის მოწყვეტილ ანკლავთან, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ასევე თურქეთთან დააკავშირებს. ეს თავის მხრივ უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება თეირანისთვის, რადგან ერთი მხრივ ის დაკარგავს შემოსავალს იმ გზებიდან, რომლებიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანს ირანის გავლით აკავშირებენ, ამასთანავე, ეს იქნება ბერკეტის დაკარგვა ბაქოზე. 

აზერბაიჯანისა და ირანის უთანხმოებები სავაჭრო გზებზე სიახლე სულაც არაა. მედიისგან ნაკლები ყურადღება ექცეოდა მხარეების შეუთანხმებლობას ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორთან (NSTC) დაკავშირებით. ეს არის საზღვაო-სახმელეთო სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთსა და რუსეთს დააკავშირებს. გზამ რუსეთამდე უნდა გაიაროს ირანი და აზერბაიჯანი. თავდაპირველად, მხარეები თითქოს შეთანხმებული იყვნენ NSTC-ის დაუსრულებელი ნაწილის შენებაზე, თუმცა ვითარება შეცვალა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა. 

წითელი ხაზი - ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორი
ლურჯი ხაზი - სტანდარტული სავაჭრო მარშრუტი

44-დღიან კონფლიქტში არა მხოლოდ სომხეთი, არამედ ირანიც წაგებული გამოვიდა, რადგან მიიღო ახალი გეოპოლიტიკური სურათი. სწორედ ამიტომ, ირანს სურს რეგიონში საკუთარი ინიციატივების წამოწყება. 2021 წლის თებერვალში, ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი 5 ქვეყანას ესტუმრა: აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, თურქეთსა და რუსეთს. ამ ვიზიტებზე ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ირანისა და სომხეთის მაკავშირებელი საბჭოთადროინდელი რკინიგზის აღდგენა იყო. ეს მარშრუტი ორ ქვეყანას აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით აკავშირებდა.

ეს გეგმა სომხეთისთვისაც სასარგებლოა, რადგან ეძლევათ შანსი NSTC-ის ორიგინალი მიმართულება შეცვალონ და ეს სახმელეთო-საზღვაო სავაჭრო გზა, ან მასთან დაკავშირებული მონაკვეთი, საკუთარ ტერიტორიაზეც გაიყვანონ. 

რკინიგზის მიმართულების ცვლილება ბაქოს გეგმებთან წინააღმდეგობაში მოდის. აზერბაიჯანს NSTC-ის გაყვანისთვის დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული. 2018 წელს ილჰამ ალიევის მთავრობა დათანხმდა ირანისთვის $500 მილიონის სესხებას, რათა თეირანს დაესრულებინა რაშტი-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთი, რაც ამ უკანასკნელს აზერბაიჯანთან დააკავშირებდა და NSTC-ის გზის ნაწილი იქნებოდა. თუკი ირანი-სომხეთის რკინიგზის პროექტი განხორციელდება, მაშინ აზერბაიჯანისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მონაკვეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება, რაც ამ უკანასკნელის ინტერესებში არ შედის. ალიევის მთავრობას BTK-ში საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული, საქართველოსთვის ნასესხები $775 მილიონის ჩათვლით. ამას გარდა, BTK სპეციალურად იმისთვის იყო დაპროექტებული, რომ NSTC-სთან გაერთიანებულიყო და ხელი შეეწყო სამხრეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის. თუ ირანი-სომხეთის გზის პროექტი შედგება, ეს საფრთხეს შეუქმნის აზერბაიჯანის მისწრაფებებს, იქცეს რეგიონალურ სატრანზიტო ჰაბად. 

საინტერესოა, რომ, ამ საფრთხის მიუხედავად, აზერბაიჯანისგან ირანი-სომხეთის რკინიგზის განახლების იდეას დიდი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.  მეტიც, 2021 წლის 14 თებერვალს ილჰამ ალიევმა თქვა: “ირანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირი შედგება”. ამას გარდა, მან ახსენა, რომ შესაძლოა რკინიგზის გახსნა რუსეთიდან სომხეთისკენ, თუმცა, მხოლოდ აზერბაიჯანის გავლით. ასევე, მან დაამატა: “სარკინიგზო კავშირი რუსეთსა და ირანს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით შედგება”. 

The Jamestown Foundation-ის ერთ-ერთ სტატიაში ახსნილია ალიევის სავარაუდო მოლოდინები. აზერბაიჯანის ფრთხილი დამოკიდებულება შეიძლება განპირობებული იყოს იმ გათვლით, რომ თუ ამ რკინიგზის რუსეთისკენ გაგრძელების სურვილი გაჩნდება, გზა საქართველოს არ გაივლის და აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიაზე გადავა. ამ მოლოდინს საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების გამო შექმნილი ურთიერთობა განაპირობებს. ალიევი შეიძლება ელის, რომ საქართველო არ დათანხმდება ამ რკინიგზის რუსეთის მიმართულებით გაგრძელებას. ხოლო ის შემთხვევა, თუ რკინიგზა საქართველოში გაგრძელდება, მაგრამ აქედან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით რუსეთში არ გადავა, ეს მოსკოვის ინტერესებთან არ მოვა თანხვედრაში და პროექტს ხელს შეუშლიან. შესაბამისად, ბაქო ელის, რომ თუ ირანსა და სომხეთს შორის, ნახიჩევანის გავლით, სამატარებლო გზა გაიხსნება, მისი რუსეთის მიმართულებით გაგრძელება მხოლოდ აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიაზე გასვლით იქნება შესაძლებელი.

ამ გარემოებების ფონზე, აზერბაიჯანის მიერ ირანისთვის რაშტი-ასტარას მონაკვეთის შესაკეთებლად $500 მილიონის სესხების პროცესი შეფერხებულია. მართალია სესხი 2018 წელს ოფიციალურად დაამტკიცეს, თუმცა თანხსის გადაცემა ჯერ არ შესრულებულა. 2021 წლის 22 ივნისს ირანის ელჩმა აზერბაიჯანში, სეიდ აბას მუსევიმ თქვა, რომ ის სესხის საკითხს ილჰამ ალიევთან განიხილავდა, ამ მიმართულებით რამდენიმე ტექნიკური პრობლემა არსებობდა და მათ გამოსწორებას ცდილობდნენ. 

თუმცა, ბაქოს მიერ სესხის გაცემის შეფერხებას და რაშტი-ასტარას მონაკვეთის შეკეთების მოტივაციის დაკარგვას თავისი ამხსნელი გარემოებები აქვს. ირანს სურს ირანი-სომხეთის რკინიგზა, რომელიც ნახიჩევანის გავლით აღდგება,  NSTC-ის დაუკავშირდეს, რაც არ აწყობს აზერბაიჯანს. როგორც ჩანს, ალიევის მიზანია NSTC-ის ნაწილად არა ირანი-სომხეთის რკინიგზა, არამედ ზანგეზურის კორიდორი იქცეს, რათა გაზარდოს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ამიტომაც, აზერბაიჯანი უშვებს NSTC-ის თავდაპირველი მარშრუტის ცვლილებას და რაშტი-ასტარას მონაკვეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

“ის [ზანგეზურის კორიდორი] შესაძლოა გახდეს ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის (NSTC) ნაწილი ირანიდან რუსეთისკენ, რადგან, როგორც იცით, ირანის ტერიტორიაზე რკინიგზის ბოლო მონაკვეთი, რაშტი-ასტარა არაა აშენებული. იქ სამუშაოები გრძელდება. მაგრამ, მომდევნო 2, მაქსიმუმ, ორ-ნახევარ წელში, ჩვენი საზღვრიდან სომხეთთან მაკავშირებელი რკინიგზის აშენებას ვაპირებთ. ეს ნამდვილად აშენდება, რადგან ხარჯები უკვე გავანაწილეთ და მუშაობა დავიწყეთ”, - თქვა ილჰამ ალიევმა 2021 წლის 13 აპრილს.

მართლაც, 15 ოქტომბერს, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის კრებაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ფარგლებში ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების გახსნაზე მუშაობენ. ეს გულისხმობს სომხეთის დაკავშირებას რუსეთთან სარკინგზო და საავტომობილო გზებით, ასევე ირანთან - რკინიგზით; სანაცვლოდ კი აზერბაიჯანი ნახიჩევანს სომხეთის გავლით, რკინიგზით დაუკავშირდება.

ნარინჯისფერი ხაზი - ე.წ. ზანგეზურის კორიდორი, გზა, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს
მწვანე ხაზი - გზა, რომელიც ირანს სომხეთთან და რუსეთთან დააკავშირებს

სწორედ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა 6 ერის პლატფორმის, ან 3+3 ფორმატის იდეა, რაც რეგიონში ინფრასტრუქტურულ გეგმებზე თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, ირანისა და რუსეთის კოოპერაციას გულისხმობს. ერდოღანის თქმით, ეს პლატფორმა ყველასთვის მომგებიანი იქნება. ირანისთვის, რომელმაც 44-დღიანი ომის დროს ვერაფერი ქმედითი ვერ გააკეთა და მოვლენების განვითარება მთლიანად რუსეთ-თურქეთს მიანდო, ეს ფორმატი მართლაც სასარგებლო უნდა იყოს. თუმცა, ამ იდეის შესრულებასთან დაკავშირებით კითხვებს საქართველო აჩენს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისი, ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტის გათვალისწინებით, მსგავს პლატფორმაში ჩაერთოს. ამას გარდა, ეს ფორმატი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს ინტერესებთან და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლურ გავლენას ამცირებს.

უნდა ვახსენოთ ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობის კიდევ ერთი გაურკვეველი საკითხიც, მდინარე არაქსზე ხუდაფარინისა და ყიზყალასის ჰიდროელექტროსადგურების შენება. ამ პროექტის კონტროვერსულობა განპირობებულია იმით, რომ თეირანმა ელექტროსადგურების აზერბაიჯანის მხარეს შენება მაშინ დაიწყო, როცა მთიანი ყარაბაღის ამ ტერიტორიას ჯერ კიდევ ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ, ისე, რომ ბაქოსთვის თანხმობა არც კი უკითხავთ. 2021 წლის 13 აპრილს ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ამ სადგურებთან დაკავშირებით, თეირანთან ფორმალურად შეთანხმდნენ, თუ როგორ აანაზღაურებდა ირანი აზერბაიჯანის წილ ინვესტიციებს. თუმცა, პროექტის ხარჯების დათვლა ტექნიკურად საკმაოდ რთული საქმეა. ამას გარდა, კითხვის ნიშნებს აჩენს კაშხლების მიერ მიღებული სარგებლის განაწილების საკითხი. 

მთელი ეს პრობლემები ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის მთავრობის დროს აქტუალური იყო და დღეს, ახალი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისისთვისაც მნიშვნელოვანი რჩება. ამ ეტაპზე, რაისის მთავრობის პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ უფრო უხეში ჩანს, ვიდრე მისი წინამორბედის.

ისრაელის ფაქტორი

ირანი და აზერბაიჯანი, ორი შიიტური უმრავლესობის მქონე ქვეყანა ერთმანეთს მუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუნდაც საკუთარი რეჟიმების გამო. აზერბაიჯანის სეკულარული მმართველობა ირანის ისლამისტურ-რევოლუციონერული სისტემის კონტრასტულია. მართალია ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო უთანხმოება ზემოხსენებული პროცესების ფონზე წარიმართა, მაგრამ ამ დაპირისპირებას უფრო დიდი წინაპირობა აქვს, ვიდრე სატვირთო მანქანების მძღოლების შეჩერება და მათთვის გადასახადის გაზრდაა. უთანხმოება ბაქოსა და თეირანს შორის მათი საგარეო პოლიტიკის საწყისებიდანვე განპირობებული იყო. აზერბაიჯანმა რეგიონალურ პარტნიორად ისრაელი და თურქეთი აირჩია, ორი ქვეყანა, რომლებიც ირანისთვის რეგიონში კონკურენტები არიან. 

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ირანის ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი სწორედ აზერბაიჯანისა და ისრაელის თანამშრომლობაა. თეირანი ხვდება, რომ ისრაელი მათსავე სტრატეგიას ბაძავს. ირანი ცდილობს გავლენის გაზრდას სირიაში, ლიბანსა და ღაზაში, რათა რაც შეიძლება ახლოდან შეუქმნას საფრთხე ებრაელთა სახელმწიფოს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ამავეს ცდილობს ისრაელი. იერუსალიმმა 2020 რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან, კერძოდ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან, აბრაამის შეთანხმების ფარგლებში, ურთიერთობის ნორმალიზაცია დაიწყო. ახლო ურთიერთობა აქვს ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონთანაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მათ შორის პარტნიორობა რეალურად უკვე ათწლეულები გრძელდება.

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა, 2016 წლის 13 დეკემბერი

ბაქოში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, დონალდ ლუს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც 2009 წლით თარიღდება და რომელიც შემდეგში WikiLeaks-ზე გაიჟონა, ციტირებს ილჰამ ალიევის სიტყვებს, რომ აზერბაიჯანისა და ისრაელის ურთიერთობა აისბერგივით არის და მისი ცხრა-მეათედი (90%) ზედაპირის ქვეშ იმალება. ეს მართლაც ასე უნდა იყოს. 

ისრაელმა და აზერბაიჯანმა ოფიციალური ურთიერთობა 1992 წლის აპრილიდან დაიწყეს. მაშინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ირანის რეგიონში მყოფი, მუსლიმთა უმრავლესობის მქონე ქვეყანა ებრაულ სახელმწიფოსთან ახლო პარტნიორობას დაამყარებდა. თუმცა, რეალურად, ისრაელისთვის არა-არაბულ ისლამურ ქვეყნებთან პარტნიორობა სტრატეგიის ნაწილი იყო. 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე ხომ ირანი რეგიონში ისრაელის მთავარ პარტნიორს წარმოადგენდა. 

1988-1994 წლის მთიანი ყარაბაღის პირველ ომში მარცხის შემდეგ, ბაქომ სამხედრო სექტორის გაძლიერებაში დახმარება ისრაელს სთხოვა. ამ უკანასკნელის თავდაცვის ფირმებმა აზერბაიჯანს საავიაციო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ქვეითსაწინააღმდეგო ახალი საბრძოლო სისტემები მიჰყიდეს. შეიარაღების მიყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდა. 2008-2012 წლებში ბაქომ ისრაელის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაახლოებით $4.85 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. 2016 წელს აზერბაიჯანის მიერ ისრაელის უძლიერესი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის, “რკინის გუმბათის” შეძენასაც მოეწერა ხელი

იარაღით ვაჭრობასთან ერთად, გამარტივდა დაზვერვისა და უსაფრთხოების ძალების დაახლოებაც. ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლები ბაქოს რეგიონში მყოფ ისლამისტ ექსტრემისტებსა და მეზობლების, განსაკუთრებით კი ირანის ჯარების განლაგებაზე ინფორმაციას აწვდიდნენ. ეს კოოპერაცია იმითაც იყო განპირობებული, რომ აზერბაიჯანს ისევე ჰქონდა რადიკალური ისლამიზმის გაკონტროლების საჭიროება, როგორც ისრაელს, რადგან ქვეყანაზე გვერდითი ეფექტი ჰქონდა 90-იანებში მიმდინარე ჩეჩნეთის ომს, რომლის შემდეგაც კავკასიაში ვაჰაბიტური ისლამისტური დაჯგუფებები გააქტიურდნენ. რეგიონში ექსტრემიზმის ზრდით ირანსაც სურდა სარგებლობა, რასაც აზერბაიჯანის მეჩეთებში რადიკალი იმამების მეშვეობით ცდილობდა. ბაქოს ამ პრობლემის გადაჭრაშიც ისრაელი დაეხმარა.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივი იყო. მაგალითად, 2012 წელს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს თავიდან აარიდეს სასიკვდილო თავდასხმა. ამ საქმესთან დაკავშირებით 22 პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად დასდეს ქვეყნის ღალატი და ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობა.

ამ დახმარების გარდა, ისრაელმა დიდი როლი ითამაშა ბაქოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის დადებითად ცვლილებაში (უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესს ხელი ერაყის კონფლიქტმაც შეუწყო, რადგან აზერბაიჯანმა ამერიკასთან პარტნიორობა დაიწყო). მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აშშ-ს კონგრესმა აზერბაიჯანს სანქციები დაუწესა, რაც ამერიკის სომხური ლობის წარმატება იყო. ისრაელი ბაქოს საკუთარი, აშშ-ს ბევრად უფრო გავლენიანი, ებრაული ლობის დახმარებას დაჰპირდა, რაც შეასრულა კიდეც.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და  ჰეიდარ ალიევი, 1997 წლის 29 აგვისტო, ბაქო, პრეზიდენტის რეზიდენცია

სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, მხარეები ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები გახდნენ. აზერბაიჯანი ისრაელისთვის მნიშვნელოვან ნავთობმიმწოდებლად იქცა, ისრაელის კომპანიები კი პარტნიორ ქვეყანაში სხვადასხვა პროექტებს ასრულებდნენ, ასევე, ექსპორტად გაჰქონდათ მრავალი პროდუქტი. 1994 წელს ებრაულმა კომპანია ბეზექმა შეიძინა აზერბიჯანის მთავრობის მფლობელობაში მყოფი სატელეფონო კომუნიკაციების ქსელის დიდი წილი. 2000-2005 წლებში ისრაელი აზერბაიჯანის სიდიდით მეათე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან, მეხუთე პოზიციაზე გადავიდა. 1997-2004 წლებში კი, აზერბაიჯანიდან ისრაელში ექსპორტის ღირებულება $2 მილიონიდან $323 მილიონამდე გაიზარდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საინტერესოა, რომ ორ მხარეს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა განვითარებას მნიშვნელოვნად არ განიცდიდა, თუმცა პარტნიორობა რომ მტკიცე დარჩა, ეს 2020 წლის ყარაბაღის მოვლენებმაც აჩვენა.

აზერბაიჯანის ისრაელთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, რომ სრულად განაპირობა მთიანი ყარაბაღის პირველმა ომმა. თავდაპირველად, ამ კონფლიქტის დროს ირანი ზურგს ვერ აქცევდა აზერბაიჯანს, რომელსაც აღიქვამდნენ, როგორც საკუთარ ისტორიულ ნაწილს, რომელიც მათ ცარისტულმა რუსეთმა წაართვა. ირანსა და აზერბაიჯანს აქვთ კულტურული, რელიგიური და ისტორიული მაკავშირებლები. თანაც, ამას გარდა, ირანი - მსოფლიოს ერთადერთი შიიტური რეჟიმი, შიიტური უმრავლესობის მქონე, ერთმორწმუნე აზერბაიჯანს ქრისტიანი სომხების წინააღმდეგ მარტო ვერ დატოვებდა. 

ირანის მაშინდელმა პრეზიდენტმა, აკბარ ჰაშემი-რაფსანჯანიმ სომხეთი აგრესორად გამოაცხადა, მისმა მთავრობამ კი ბაქოსთან $30 მილიონის ღირებულების შეიარაღების გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. აზერბაიჯანში გაგზავნეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის გენერლები, რათა იქ შეიარაღებული ძალები გაეწვრთნათ. ამას გარდა, ირანმა ავღანელ მუჯაჰიდებს ნება მისცა გაევლოთ საკუთარ ტერიტორიაზე და გადასულიყვნენ ყარაბაღში, რათა აზერბაიჯანელებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ხოდა-აფარინის კაშხლის დაცვაში დახმარებოდნენ. 

აზერბაიჯანელი სამხედროები მთიანი ყარაბაღის პირველ ომში

თეირანი მოლაპარაკებების წარმოებასაც ცდილობდა. 1992 წლის 7 მაისს, მათი შუამავლობით, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომელმაც კონფლიქტი ვერ შეაჩერა და რამდენიმე დღეში დაირღვა. ამის შემდეგ, ირანის უმაღლესი ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სომხების მიერ მთიანი-ყარაბაღის დაკავება და მუსლიმი მოსახლეობის შევიწროება დაგმო. 1994 წელს, როდესაც აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტი, ჰეიდარ ალიევი თეირანს ეწვია, აიათოლა ხამენეიმ მას უთხრა, რომ ქვეყნის დაცვა აზერბაიჯანელი ხალხის რელიგიური ვალდებულება იყო.

ირანის მთელი ეს თანადგომა ფუჭი იყო, რადგან აზერბაიჯანმა ომი წააგო და სამხედრო თვალსაზრისით სომხეთზე სუსტი იყო. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა მათი ისრაელთან დაახლოება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავდა სამხრეთელ მეზობელთან ურთიერთობის გაწყვეტას. 

თანაც ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში 1990-იანი წლებიდანვე უკვე ხდებოდა თეირანის მიერ მეზობელზე “განრისხების” ეპიზოდები. მაგალითად, 1994 წლის ნოემბერში ბაქო ირანის ნავთობის ეროვნულ კომპანიას (NIOC) დათანხმდა, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციული კომპანიის (AIOC) 5% წილს გადასცემდა. AIOC-ის მიზანი აზერბაიჯანის ოფშორული ნავთობის საბადოების განვითარება იყო. შეთანხმების მიუხედავად, 1995 წლის აპრილში, ამერიკის ზეწოლის შედეგად, ბაქომ ირანული NIOC-ი AIOC-ის კონსორციუმის გარეთ დატოვა. მაშინ აშშ-ს ელჩმა აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩმა ღიად თქვა, რომ თუ ირანი კონსორციუმის გარეთ არ დარჩებოდა, ამერიკული ფირმები, რომლებსაც 40% წილი ეკუთვნოდათ, სრულად დატოვებდნენ AIOC-ს. საპასუხოდ, ირანმა ჰეიდარ ალიევი მალევე დაადანაშაულა “დიდი სატანის”, ანუ აშშ-ს მარიონეტობაში.

ბაქოს თეირანის მიმართ უნდობლობას დროთა განმავლობაში აძლიერებდა ირანის მიერ აზერბაიჯანული ისლამისტური პარტიებისა და რადიკალების დაფინანსების ბრალდებებიც, ასევე მათ მიერ გავლენის ზრდა ნახიჩევანის მოწყვეტილ რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რომ ბაქომ ირანთან კოოპერაციას ისრაელთან და თურქეთთან პარტნიორობა ამჯობინა. 

იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ როდესაც ირანის ხელისუფლებაში ჰასან რუჰანის მთავრობა მოვიდა, ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა რაღაც პერიოდის განმავლობაში დათბა, განიხილებოდა სამხედრო კოოპერაციის შესაძლებლობაც. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ამის კონტრასტულია ახალი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის მიდგომები, თანაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა ყველაფერი შეცვალა. 2020 წლის 44-დღიანი კონფლიქტის დროს ირანი ფაქტობრივად უმოქმედოდ იყო, ქვეყანაში ომთან დაკავშირებული შეხედულებებიც კი განსხვავდებოდა. უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. 

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, 2019 წლის 24 ოქტომბერი

ისრაელთან პარტნიორობამ ბაქოს წარმატება და სამხედრო დაწინაურება მოუტანა და ამას აზერბაიჯანელი ხალხიც ხედავს. თუნდაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანელი დემონსტრანტები, რომლებიც გამარჯვებას აღნიშნავდნენ, აზერბაიჯანის და თურქეთის დროშებთან ერთად ისრაელის დროშებსაც აფრიალებდნენ.

ირანი-სომხეთისა და ირანი-რუსეთის  დაახლოება

ბაქოს საპირისპიროდ, თეირანი თანდათან დაუახლოვდა ერევანს. გარდა იმისა, რომ ამ ქმედებით ირანი სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა, სომხეთთან თანამშრომლობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვისაც სჭირდებოდა. სომხეთი, რუსეთთან, ბელარუსთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, კოლექტიური უსაფრთოხების შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) წევრია. ამ სამხედო ალიანსის წევრთან მოკავშირეობა თეირანს მოსკოვის კეთილგანწყობისთვისაც სჭირდებოდა.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინებაც, რომ თეირანმა, მთიანი ყარაბაღის პირველ ომში, ერთი მხრივ, მცირედი თანადგომა გაუწია ბაქოს, მეორე მხრივ, ისლამური რესპუბლიკა ერევანსაც ეხმარებოდა. ომის დროს სომხეთის მთავარი ენერგომომმარაგებელი სწორედ ირანი იყო. ისინი ერევანს ეკონომიკურადაც ეხმარებოდნენ, რათა ეს უკანასკნელი, ყველა სავაჭრო გზის მოჭრით, ბლოკადაში არ მოქცეულიყო. ეს დახმარება არა მხოლოდ უშუალოდ სომხეთის, არამედ თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს თანადგომა აზერბაიჯანის თვალთახედვას არ გამორჩენია.

ირანი, ომის შემდეგაც, სომხეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ენერგომომმარაგებელი დარჩა. ისლამურმა რესპუბლიკამ სეპარატისტულ ტერიტორიებზე, სომხეთთან პარტნიორობის ფარგლებში, მდინარე არაქსის ნაპირზე ჰიდროელექტროსადგურების შენებაც კი დაიწყო, რომელთა მომავალი ზემოთ უკვე ვახსენე.

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და ირანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის შეხვედრა, 2019 წლის 27 თებერვალი

პარალელურად, იზრდებოდა თეირანისა და რუსეთის პარტნიორობაც. თავდაპირველად, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს ლიდერს, აიათოლა ხომეინის აშშ-ს მიმართ ზიზღი ჰქონდა, თუმცა არც საბჭოთა კავშირს ენდობოდა. თეირანის რუსეთთან დაახლოება ნელ-ნელა სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ირანის მეოთხე პრეზიდენტი, აიათოლა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი 1989 წელს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მოსკოვს ეწვია. 1990-იანი წლების ბოლოს რუსეთი უკვე ირანის მთავარი იარაღის მიმწოდებელი გახდა, ასევე მხარს უჭერდნენ ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ პროექტს. 

ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა. რეგიონში ერთგვარი ანტიდასავლური ალიანსი შეიქმნა. რუსი დიპლომატები უკვე ღიად უჭერდნენ მხარს ირანის ბირთვულ პროგრამას, იარაღის მიწოდება კი გაიზარდა. მოსკოვი თეირანს დაწესებული სანქციების შემსუბუქებაში ეხმარებოდა.

ამ ურთიერთობას, ანტიდასავლური სენტიმენტების გარდა, ხელი შეუწყო ჯერ სომხეთის საკითხმა, შემდეგ კი მხარეები კიდევ უფრო დაახლოვა სირიის ომმა. 

აზერბაიჯანის აეროდრომები

ისრაელთან პარტნიორობის გამო, აზერბაიჯანსა და ირანს შორის სიტყვიერი უთანხმოება აქამდეც ყოფილა, მაგალითად, ბოლოს, თეირანი ბაქოს ბრალს სდებდა, რომ 2018 წელს ისრაელმა აზერბაიჯანის ტერიტორია გამოიყენა იმ სპეცოპერაციის დასაგეგმად, რომლის შედეგადაც ირანს ბირთვულ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია მოპარეს.

ირანის ერთ-ერთი მთავარი შიში სწორედ იმის შესაძლებლობაა, რომ ბაქო ისრაელს საკუთარ ტერიტორიაზე თეირანის წინააღმდეგ მოქმედების უფლება მისცემს. უკვე რამდენიმე წელია არსებობს ვარაუდი, რომ აზერბაიჯანმა ისრაელს ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთარი აეროდრომების გამოყენების ნება დართოს. ეს საკითხი საჯაროდ პირველად 2006 წლის დეკემბერში გაჟღერდა ისრაელის ყოფილი ბრიგადირ-გენერლის, ოდედ თირას მიერ, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ირანის ბირთვული პროექტის წინააღმდეგ უმოქმედობას აკრიტიკებდა. ის წერდა: “ჩვენი მხრივ, აზერბაიჯანთან უნდა შევათანხმოთ მათ ტერიტორიაზე მყოფი ავიაბაზების გამოყენება, ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ აზერბაიჯანელთა უმცირესობას ირანში”. 

აზერბაიჯანს 4 მიტოვებული, საბჭოთადროინდელი აეროდრომი აქვს, ასევე 4 ავიაბაზა, რომლებიც ისრაელს, შესაძლოა, პოტენციურად გამოადგეს. 

ზოგი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ ამ შესაძლებლობას, რომელიც ოფიციალურად დამტკიცებული არაა, აშშ-ს დიპლომატები და დაზვერვის წარმომადგენლები ისე უყურებდნენ, როგორც რეალობას და, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასკვნიდნენ აზერბაიჯანის მიერ ისრაელისთვის ავიაბაზების გამოყენების უფლების მიცემას. მაგალითად, 2012 წელს, Foreign Policy-ში  ამას წერდა გამოცემა ამერიკელი ანალიტიკოსი, მარკ პერი და ციტირებდა აშშ-ს ანონიმური ოფიციალური პირის სიტყვებს: “ისრაელმა აეროდრომი იყიდა და ამ აეროდრომს აზერბაიჯანი ჰქვია”.

ეს ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე უარყო. ამ უწყების მინისტრმა 2012 წელს, თეირანში ვიზიტის დროს თქვა: “აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ისევე როგორც ადრე, არც ერთ ქვეყანას არ მისცემს საკუთარი მიწის, ან ცის გამოყენების უფლებას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ძმად და მეგობარ ქვეყნად მიგვაჩნია”. ამას გარდა, აზერბაიჯანმა და ირანმა 2005 წელს ხელი მოაწერეს საერთო აგრესიისგან თავშეკავების პაქტს, რომელიც მხარეებს არ აძლევს უფლებას, მესამე ქვეყანას საკუთარი მიწის მეორე ხელმომწერის წინააღმდეგ გამოყენების ნება დართოს.

ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელი F-15I

თუმცა, ამ უარყოფას ეჭვები მაინც არ გაუქარწყლებია. ისრაელმა შეიძლება აზერბაიჯანის აეროდრომები არა უშუალოდ თავდასხმისთვის, არამედ იერიშის შემდეგ დაჯდომისთვის გამოიყენოს. ებრაელთა ავიაგამანადგურებლების ირანზე იერიშის სცენარის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ გასაფრენად და უკან დასაბრუნებლად საწვავი არ ეყოფათ, ამ პროცესში მათი აეროტანკერებით შევსება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და წვდება ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს. ამიტომ, თავდასხმის შემდეგ მათი აზერბაიჯანულ აეროდრომებზე გაჩერება გამანადგურებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. თანაც, ამ შესაძლებლობას ირანის თავდაცვის სამინისტროს უარყოფა რეალურად არ ეწინააღმდეგება. 

ეს შესაძლებლობა ირანისთვის კიდევ უფრო საფრთხის შემცველია მაშინ, როდესაც, ისრაელის ბრალდებების მიხედვით, უკვე ახლოს არიან ბირთვული პროექტის დასრულებასთან, ხოლო ამ საკითხთან დაკავშირებული ახალი მოლაპარაკები წარმატებით ვერ ვითარდება. როდესაც ისრაელს საფრთხე ემუქრება, მათი ქმედებები სიხისტით გამოირჩევა. ამისი კარგი მაგალითია 2007 წელს სირიაში ატომური სადგურის განადგურება, რაზეც პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ 2018 წელს აიღო.


 

ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში მყოფი ბირთვული ობიექტის განადგურება

ირანის ეთნიკური პრობლემა

როდესაც თეირანი აზერბაიჯანს ისრაელთან ალიანსის გამო აკრიტიკებს და ემუქრება, მათგან მომავალი გარე საფრთხის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ კავშირის გავლენა ირანის ეთნიკური ჯგუფებზე, რამაც შეიძლება ამ ქვეყანას შიდა პრობლემები შეუქმნას.

ირანის ჩრდილოეთში აზერბაიჯანელთა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომელიც ქვეყნის 15-20%-ს შეადგენს. ამ რეგიონს, ისევე, როგორც მის მოსაზღვრე რესპუბლიკას, აზერბაიჯანი ჰქვია. ირანში უფრო მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ეთნიკური ჯგუფი მას შემდეგ გაიყო, რაც ორი საუკუნის წინ, რუსეთის იმპერიამ ყაჯართა ირანს ტერიტორიები არაქსის ჩრდილოეთ სანაპიროებამდე წაართვა. 

ირანის აზერბაიჯანის რეგიონი

2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, შეიძლება ითქვას, რომ ირანის ფაქტობრივი უმოქმედობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ეს ფაქტორი იყო. კონფლიქტის დროს, ბაქოს დაწინაურებამ ირანელი აზერბაიჯანელები წაახალისა. ისინი მართავდნენ დემონსტრაციებს, წვავდნენ სატვირთო მანქანებს, რომლებზეც ვარაუდობდნენ, რომ სომხეთისთვის მისაწოდებელი რუსული სამხედრო ტვირთი მიჰქონდათ, ითხოვდნენ სომხეთ-ირანის საზღვრის ჩაკეტვას და აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად ფულს აგროვებდნენ. ისინი დემონსტრაციებს თეირანშიც კი აწყობდნენ. გამოსვლებზე ისმოდა ისეთი შეძახილები, რაც ირანის აღელვების მიზეზი უნდა გამხდარიყო. მაგალითად: “ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანელების მხარეს, ჩვენ აზერბაიჯანელები ვართ!”, ან - “სამხრეთ აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩრდილოეთთან ერთობა”. ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ომის დროს ირანის მიერ სომხეთისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო გზის გახსნას.

ეთნიკური აზერბაიჯანელების საპროტესტო აქცია ირანში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზოგადოებაში გახშირებულია ნაციონალისტური ნარატივი იმაზე, რომ ე.წ. სამხრეთ აზერბაიჯანი მათთან უნდა გაერთიანდეს. საპირისპიროდ, ირანელების გარკვეული ნაწილის ნარატივი არის ის, რომ აზერბაიჯანი ირანის ორი საუკუნის წინ დაკარგული ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც უნდა დაუბრუნდეთ. ნაციონალისტური შეხედულებების მიუხედავად, ბაქო ამ საკითხის მიმართ, ძირითად შემთხვევებში, მუდამ ფრთხილად იყო. აზერბაიჯანის სიფრთხილეს ამერიკელი ანალიტიკოსი და ამ რეგიონის ექსპერტი, პოლ გობლი სამი მიზეზით ხსნის: პირველი - მართალია სამხრეთში ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს და იციან საკუთარი ენაც, მაგრამ ისინი კარგად არიან ინტეგრირებული ირანში და სახელმწიფოს ერთგულები არიან. ირანში მრავალი მაღალი რანკის ოფიციალური პირი აზერბაიჯანული წარმოშობისაა; მეორე - ირანს საკუთარი აზერბაიჯანელები მათი მოძმეების რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშებად არაერთხელ გამოუყენებია; მესამე - აზერბაიჯანის მიერ სამხრეთით საზღვრების გაფართოების ნებისმიერი ინტერესი ბაქოს არა მხოლოდ თეირანთან, არამედ მოსკოვთანაც აპირისპირებს.

მიუხედავად ამისა, ირანს აქვს შიში, რომ აზერბაიჯანელთა და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მოწინააღმდეგეები, ამერიკა და ისრაელი, გამოიყენებენ. თეირანს ამის გასააზრებლად საკმაოდ დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს. ირანელებმა იციან, რომ მტრები ეთნიკურ ჯგუფებს შიდა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებენ. 

მაგალითად, ირანის წინააღმდეგ სწორედ აზერბაიჯანელთა და ასევე, ქურთების ეთნიკური ჯგუფები გამოიყენა იოსებ სტალინმა, როდესაც 1945 წელს, საბჭოთა კავშირის დახმარებით, ჩრდილოეთ ირანში, ქალაქ თავრიზში აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა, მის მეზობელ ტერიტორიაზე კი ქურთული მეჰაბადის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ეს პროცესი სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ირანის ოკუპაციის გაგრძელება იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა ირანი 1946 წელს დატოვეს, მარიონეტული სახელმწიფოები მალევე გაქრა. ირანის ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა აშშ-მ. 

ისლამურ რესპუბლიკას ეთნიკურმა ჯგუფებმა პრობლემები 1979 წლის რევოლუციის დროს მალევე შეუქმნა. თეირანის წინააღმდეგ, ერაყის მმართველი, სადამ ჰუსეინი ცდილობდა არაბული ჯგუფებით დასახლებულ ხუზისტანში სეპარატისტული მოძრაობა წაეხალისებინა. ამავე წლებში, ირანს უჭირდა ქურთებით დასახლებული ტერიტორიების კონტროლი, თუმცა ქვეყნის ახალ რეჟიმს გაუმართლა, რომ თავად ამ რეგიონებში ერთმანეთთან დაპირისპირებულები იყვნენ ქურთული მარქსისტული და არამარქსისტული ჯგუფები.

ქურთების ეთნიკური ჯგუფი ირანისთვის 2000-იან წლებშიც აქტუალური პრობლემა იყო და არის. 2004 წელს ირანის ქურთისტანის რეგიონში, თავდასხმები წამოიწყეს ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის (PJAK) წევრებმა. 2011 წელს ირანის ცნობით, PJAK-ი დანებდა. თეირანმა გამარჯვება გამოაცხადა. ამის მიუხედავად, შეტაკებები სამთავრობო ძალებთან 2011 წლის შემდეგაც გაგრძელდა. PJAK-ის მომზადებასა და შეიარაღებაში ბრალს სდებდნენ აშშ-სა და ისრაელს. საინტერესოა, რომ ამას გარდა, ვარაუდობდნენ, რომ ისრაელი ირანის წინააღმდეგ იყენებდა ირანელი ხალხის მუჯაჰიდების (MEK) ორგანიზაციასაც, კერძოდ, ჯაშუშობისთვის, დივერსიებისა და ბირთვული პროგრამაზე მომუშავე ირანელი მეცნიერების დახოცვისთვის.

ამიტომაც ეშინია ირანს ისრაელის მოახლოების. თეირანი ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხედავს თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მას იერუსალიმმა, აზერბაიჯანელთა ეთნიკური ჯგუფის მეშვეობით. გავიმეორებ ისრაელის ყოფილი ბრიგადირ-გენერლის, ოდედ თირას მიერ საკუთარი ქვეყნის მიმართ ზემოხსენებული მოწოდების ნაწილს: “მხარი უნდა დავუჭიროთ აზერბაიჯანელთა უმცირესობას ირანში”.

ირანის სახელმწიფო, რეალურად სრულად ეთნიკურად ჭრელია. სპარსული ცენტრის გარშემო გაერთიანებულია აზერბაიჯანის რეგიონი, არაბებით დასახლებული ხუზისტანი, თურქმენებით დასახლებული თურქმენ საჰრა და ბელუჯებით დასახლებული ბელუჯისტანი. ირანი ამ რეგიონებს ისე უყურებს, როგორც მტრებისგან დამცავ ციხესიმაგრის კედლებს. ამიტომაც, ირანისთვის არათუ ამ ტერიტორიებში სეპარატიზმის საფრთხე, არამედ მათ მიერ რაიმე სახის ავტონომიის მოთხოვნაც კი წითელი ხაზია.

ირანის ეთნიკური ჯგუფების რუკა

აზერბაიჯანის საგარეო კურსის მომავალი

აზერბაიჯანმა ირანის ბოლო ბრალდებები, რომ მათ ტერიტორიაზე ისრაელის ძალები მოქმედებენ, ასევე, ტერორიზმის ელემენტების არსებობა, უარყო. 12 ოქტომბერს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და მისი ირანელი კოლეგა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ უთანხმოებას დიალოგით გადაჭრიან.

ამას კიდევ ერთი შემთხვევა მოჰყვა. ილჰამ ალიევმა ირანი სამხრეთ კავკასიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემაში ჩართულობაში დაადანაშაულა. თეირანის მიერ გაცემულ პასუხში, კიდევ ერთხელ გაიჟღერა ბაქო-ერუსალიმის ურთიერთობით უკმაყოფილებამ. “ასეთი ბრალდებები მხოლოდ სიონისტური რეჟიმის ინტერესებს ემსახურება, რათა ირან-აზერბაიჯანის ძმურ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ჰქონდეს”, - თქვა ირანის საგარეო ურთიერთობების სამინისტროს სპიკერმა.

მიუხედავად ამისა, თეირანიც და ბაქოც ამ უთანხოებასთან დაკავშირებით საბოლოოდ თავს შეიკავებენ და ვითარების გაუარესებას არ დაუშვებენ, რადგან ეს ამჟამად არც ერთის ინტერესებში არ შედის. 

ამ შემთხვევის მიუხედავად, აზერბაიჯანი და ისრაელი, ამ ეტაპზე, პარტნიორობას განაგრძობენ, თუმცა, შესაძლოა, ერთ დღესაც, აზერბაიჯანის ამ სიტუაციურ მეგობრობას თურქეთის ფაქტორის გამო საფრთხე შეექმნას.

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაუარესებულია, განსაკუთრებით 2008-2009 წლის ისრაელი-ღაზის კონფლიქტისა და 2010 წლის ღაზის ფლოტილიის ინციდენტის შემდეგ. ამ უკანასკნელი შემთხვევის დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს თურქეთის რვა მოქალაქე და ერთიც ორმაგი, თურქეთი-აშშ-ს მოქალაქეობის მქონე პირი. ინციდენტის დროს, თურქეთიდან მომავალი ე.წ. თავისუფლების ფლოტილიის აქტივისტები ღაზის სექტორის ბლოკადის გარღვევას ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რეიდის შემდეგ, ანკარამ ისრაელს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღეს და მეტიც, შეწყვიტეს $150 მილიონის ღირებულების დრონების წარმოების საერთო პროექტი. შემდეგ, ისრაელმა ამ პროექტზე თანამშრომლობა აზერბაიჯანთან გააგრძელა.

2020 წელს, 44-დღიანი კონფლიქტის განმავლობაში, ბაქომ ერთდროულად, სასიკეთოდ გამოიყენა ერდოღანის ბოლო დროს გაძლიერებული ნეო-ოსმალური და პანთურქული იდეოლოგია და ისრაელის ანტიირანული პოლიტიკა და ჯერ კიდევ წარმატებით იყენებს. თუმცა, ის, თუ როგორ გაგრძელდება ბაქოსა და იერუსალიმის პარტნიორობა, დამოკიდებული იქნება ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობის განვითარებაზე.

კომენტარები