ჰაიტი

ჰაიტიში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ამერიკელი მისიონერები გაიტაცა

ჰაიტელი სამხედროები იცავენ პროკურორის ოფისს პორტ-ო-პრენსში
Richard Pierrin/AFP via Getty Images

ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ახლოს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ამერიკელი მისიონერები და მათი ოჯახის წევრები, მათ შორის ბავშვები გაიტაცა. ჰაიტის უშიშროების ძალების თანახმად, გატაცებულია სულ მცირე 15 ადამიანი. დაჯგუფებამ მისიონერები და მათი ოჯახის წევრები ბავშთა სახლის მონახულების შემდეგ გაიტაცა.

ჰაიტის იუსტიციის სამინისტროს და ეროვნულ პოლიციას ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. დამატებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს აშშ-ს ხელისუფლებაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მათ ინციდენტის შესახებ ცნობები მიიღეს და საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოება დეპარტამენტის პრიორიტეტია.

ადამიანების გატაცების შემთხვევები ჰაიტიში ძალიან ხშირია. ქვეყანაში სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება არსებობს. დაჯგუფებები წლებია ჰაიტის დედაქალაქის ღარიბ უბნებს აკონტროლებენ. ბოლო პერიოდში კი მათი გავლენა ქალაქზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. 2021 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ადამიანის გატაცების 600-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. 2020 წელს იმავე პერიოდისთვის გატაცებების რაოდენობა 231 იყო.

ძალადობის შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის და ძლიერი მიწისძვრის შემდეგ. მიწისძვრამ 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები