არჩევნები 2021

წერეთელი ქებაძეზე: ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზება საგანგაშოა

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავში ევროპული საქართველოს წევრზე, ვახტანგ ქებაძეზე ქართული ოცნების აქტივისტის მიერ თავდასხმას გამოეხმაურა.

წერეთლის თქმით, თავდამსხმელები ძირითადად დასაქმებულები არიან მუნიციპალურ სამსახურებში, მერიებში, სიპებში და აიპებში, რომლებიც ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფებად გადააქცია, შესაბამისად, გუშინდელ ფაქტებზე რეაგირებაც პოლიციის მხრიდან დაგვიანებული იყო.

"როდესაც ვსაუბრობთ რეაგირებაზე სამართალდამცავი უწყების აღსანიშნავია, რომ პოლიცია ძალიან გვიან მივიდა ადგილზე. რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ წინ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ ყველა იქნებოდა დაკავებული დღეს და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ მათ. როგორც ვიცით არაფერი არ ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არც მოკვლევაა დაწყებული, მითუმეტეს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კამპანიაში, მეორე ტურები წინაა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზება არის საგანგაშო. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს მოახდინონ რეაგირება ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქტზე, სხვა შემთხვევაში ეს ნეგატიური ფონი გაგრძელდება". – თქვა წერეთელმა

ევროპული საქართველოს წევრის, ვახტანგ ქებაძის ინფორმაციით, გუშინ, 14 ოქტომბერს რუსთავში ქართული ოცნების 50-ზე მეტი აქტივისტი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა დაუმტვირეს ავტომობილიც.

"მივემართებოდით ღონისძიებაზე, ვიყავი გაჩერებული და გადმოსული ჩემი პირადი მანქანიდან. მოპირდაპირე მხარეს დავინახე, რომ 50-ზე უფრო მეტი აგრესიულად განწყობილი ადამიანი მოემართებოდა ჩემ პირდაპირ. გადმოჭრეს გზა და დამესხნენ თავს როგორც ფიზიკურად, ასევე მანქანას დაუშინეს ცოცხები, კვერცხები, სხვადსხვა ნივთი. ძირითადად 3 ადამიანი იყო, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. დანარჩენი გარშემო იყვნენ შემორტყმულები და როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ". – თქვა ქებაძემ. 

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები