თურქეთის ეკონომიკა

სირიაში სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო, თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
ფოტო: ft.com

თურქული ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ამჯერად ლირის ღირებულებამ დოლართან და ევროსთან მიმართებით რეკორდულად დაბალ ნიშნულებს მიაღწია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 9.03 თურქული ლირაა, ერთი ევროსი – 10.43 ლირა. 

Bloomberg-ის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე ლირის პანიკურად გაყიდვისა და, შესაბამისად, მისი ღირებულების მკვეთრად შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საგანგებო განცხადებაა

ერდოღანის თქმით, შესაძლოა, თურქეთის მიერ მეზობელ სირიაში განხორციელდეს სამხედრო ოპერაცია, რისი მიზეზიც ჩრდილოეთ სირიიდან მომავალი საფრთხეა. 

პრეზიდენტის სიტყვები 10 ოქტომბერს აზაზის რეგიონში მომხდარ მოვლენას უკავშირდება, კერძოდ, სარაკეტო შეტევის შედეგად თურქი პოლიციელის დაღუპვას. 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის მიღმა ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი დაჯგუფება, YPG დგას, რომელიც, ძირითადად, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ახლოს მოქმედებს და თურქეთის მიმართ მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ეროვნული ვალუტა წლება განაგრძობს გაუფასურებას, რაც გაცილებით კომპლექსურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს სირიასთან შესაძლო კონფლიქტია. 

2021 წლის მარტში ედოღანის გადაწყვეტილებით, თანამდებობის დატოვება მოუწია ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ნაჯი აგბალს, რისი მიზეზიც ერდოღანსა და აგბალს შორის არსებული უთანხმოება იყო. 

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მაღალი, თითქმის 15%-იანი ინფლაციის დასაძლევად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სურდა, რასაც ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა. 

აგბალის შემდეგ, თანამდებობა საჰაპ კავჩიოღლუმ დაიკავა, რომელიც იზიარებდა ერდოღანის ეკონომიკურ შეხედულებებს. მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონემ ზრდა განაგრძო და სექტემბერში 19.58%-იან ნიშნულს მიაღწია. 

ასევე, გაგრძელდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესიც, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამის მაჩვენებლებთან. 

გერმანული Commerzbank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, შესაძლოა, დიდ ხანს გაგრძელდეს და 2021 წლის ბოლოს თურქეთში ინფლაციის დონემ 22%-ს გადააჭარბოს.
 

კომენტარები