ბათუმი

GMC: ბათუმის მერია სამშენებლო დარღვევებზე არ რეაგირებს, ხელფასებისთვის ₾3 179 700 დაიხარჯა

ფლანგვის დეტექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, ბათუმის მერია ქალაქში უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს და დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

ორგანიზაციის ცნობით, აუდიტის მიერ შესწავლილი 110 ობიექტიდან 18 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა, რომლებზეც მერიას არაფერი მოუმოქმედებია, აუდიტის დაწყებამდე მერიას მშენებლობაზე სანქციები არ დაუკისრებია და არ გაუტარებია ღონისძიებები პირების მიმართ, ვისაც უკანონო მშენებლობის შეჩერება ევალებოდა.

"2005 წელს ამოქმედდა კანონი სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ, რომელიც ბათუმს გენგეგმის მიღებას ავალდებულებდა. ამის მიუხედავად, ბათუმის განაშენიანება წლებია, გენერალური გეგმის გარეშე ხდება და მერიამ შესაბამისი ტენდერი მხოლოდ 2021 წელს გამოაცხადა

ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ კი "სითი ინსტიტუტი საქართველომ" გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან 2,495,700 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა აგვისტოში გააფორმა. აღსანიშნავია, რომ "სითი ინსტიტუტი საქართველომ" მოამზადა თბილისის განვითარების გენერალური გეგმაც". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორის განცხადებით, პარალელურად, მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიაში დასაქმებული 44 დასაქმებულის შრომის ასანაზღაურებლად 3,179,700 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. 

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი – გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები