აშშ

აშშ-ში ატომურ წყალქვეშა ნავებზე საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვის მსურველი წყვილი დააკავეს

ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი

აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს სამხედრო ფლოტის ბირთვული ინჟინერი და მისი ცოლი, რომელთაც, სასამართლოს მასალების მიხედვით, სხვა ქვეყნისთვის ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვა სურდათ. 

დასავლეთ ვირჯინიის სასამართლოში მყოფ საჩივარში წერია, რომ ჯონათან ტოებე, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებზე, საკუთარი მეუღლის, დიანა ტოებეს დახმარებით, ცდილობდა გასაიდუმლოებული ინფორმაცია სხვა ქვეყნისთვის მიეწოდებინა. 

სასამართლოს ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) წარმომადგენელმა მიიღო გზავნილი, რომლის დანიშნულების ადგილი, რეალურად, სხვა ქვეყანა იყო. გზავნილი შეიცავდა აშშ-ს ფლოტის საბუთებს, წერილს და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა დაემყარებინათ კოდირებული კომუნიკაცია გამომგზავნთან. 

"ბოდიშს ვიხდი თქვენს ენაზე ცუდი თარგმანისთვის. გთხოვთ, ეს გზავნილი თქვენი სამხედრო დაზვერვის სააგენტოს გადაუგზავნეთ. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია თქვენი ერისთვის ძვირფასი იქნება. ეს თაღლითობა არაა", – ეწერა წერილში. 

ამ გზავნილის ხელში ჩაგდების შემდეგ, FBI-ის აგენტები, რომლებიც თავს უცხო ქვეყნის ჯაშუშებად ასაღებდნენ ჯონათან ტოებეს ელექტრონული ფოსტით ეკონტაქტებოდნენ. მათ მას შეხევდრაც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს, რადგან ინფორმაციის გამცემის თქმით, ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათო იყო. 

რამდენიმე თვის განმავლობაში ტოებე FBI-ის აგენტებს ისე ეკონტაქტებოდა, როგორც უცხოეთის ჯაშუშებს და მათთან ინფორმაციის სანაცვლო თანხებს განიხილავდა. 

როგორც ჩანს, ტოებე თავდაპირველად ფრთხილად იქცეოდა, თუმცა მისი ნდობა FBI-ის შენიღბულმა აგენტებმა მაინც მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც ისინი გამცემს დაჰპირდნენ, რომ იმ ქვეყნის საელჩოდან, საიდანაც ვითომ თავად იყვნენ, ნიშანს მისცემდნენ. სასამართლოს საბუთებში არაა საუბარი, თუ როგორ შეძლო FBI-იმ მსგავსი ნიშნის მიცემა. 

ტოებემ FBI-ის შენიღბულ აგენტებს $100 000-ის ექვივალენტი ღირებულების კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რაზეც იგი ამბობდა: "მესმის რომ დიდი მოთხოვნაა. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩემს სიცოცხლეს ვრისკავ თქვენს სასარგებლოდ და პირველი ნაბიჯი გადადგმული მაქვს. დამეხმარეთ, რათა ბოლომდე გენდოთ". 

სასამართლოს ცნობით, FBI-ის აგენტი ტოებეს შეუთანხმდა, რომ დათქმულ ადგილზე ინფორმაციის დატოვების სანაცვლოდ მას წინასწარ ჩაურიცხავდა $10 000-ის ღირებულების კრიპტოვალუტას. ეს ასეც მოხდა. ჯონათანის დატოვებული გზავნილი FBI-იმ აიღო. მათ იპოვეს16-გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი, რომელიც არაქისის კარაქის სენდვიჩში იდო. 

მთავრობის ცნობით, ჯონათან ტოებეს ამის შემდეგ კიდევ $20 000-ის ღირებულების კრიპტოვალუტა გადაურიცხეს, რასაც ინფორმაციის მსგავსად, დათქმულ ადგილზე დატოვება კიდევ მოჰყვა. მეორედ მეხსიერების ბარათი ლეიკოპლასტირის, შემდეგ კი საღეჭი რეზინის შეფუთვაში იპოვეს.

ინფორმაციის დათქმულ ადგილზე დატოვების პროცესში, გარემოს აკვირდებოდა ჯონათანის ცოლი. 

მას შემდეგ, რაც ტოებემ FBI-ის შენიღბული აგენტებისგან $70 000-ის ღირებულების კრიპტოვალუტა მიიღო, მან მათ აუხსნა, თუ როგორ უნდა გაეშიფრათ კოდირებული ინფორმაცია, ერთ-ერთ მეხსიერების ბარათზე. 

ტოებეებს ბრალად ედებათ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების სურვილი და ამ ინფორმაციის გავრცელება. წყვილი შაბათს, 9 ოქტომბერს დააკავეს. ისინი სასამართლოს წინაშე სამშაბათს, 12 ოქტომბერს წარსდგებიან. 

ინფორმაცია, რომლის გაყიდვასაც ტოებეები ცდილობდნენ, ეხებოდა ვირჯინიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების ძრავების დიზაინსა და ქმედითუნარიანობას. თითო მსგავსი წყალქვეშა ნავის დამზადება აშშ-ს $3 მილიარდი უჯდება. 

ჯონათან ტოებე აშშ-ს სამხედრო ფლოტში 2012-დან 2017 წლამდე მოღვაწეობდა და ის წყალქვეშა ნავების ბირთვულ ძრავებზე მუშაობდა. ეს ტექნოლოგია ამჟამად აშშ-ს მხოლოდ დიდი ბრიტანეთისთვისა და ავსტრალიისთვის აქვს გაზიარებული, მას შემდეგ, რაც მათ შორის უშიშროების აქტი გაფორმდა. ამ აქტს მოჰყვა დიპლომატიური უთანხმოება ვაშინგტონსა და პარიზს შორის. ამ უკანასკნელს ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავების აშენების კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომელიც უშიშროების აქტის მიღების შემდეგ გაუქმდა. 

სასამართლოს მასალებში არაა ნახსენები, თუ რომელი ქვეყნისთვის აპირებდნენ ინფორმაციის გადაცემას ტოებეები. ასევე არაა ნათქვამი, თუ 2020 წლის დეკემბერში როგორ ჩაუვარდა ხელში FBI-ის გზავნილი, რომლის გამოგზავნაც 2020 წლის 1-ელი აპრილით იყო დათარიღებული.

წყვილი დათქმულ ადგილზე ინფორმაციის დატოვების დროს დააკავეს და შემდეგ მათი საცხოვრებელი ადგილი გაჩხრიკეს.

კომენტარები