ბათუმი

გომელაური: ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილის ამოყვანის შემდეგ, მათი ვარაუდით, დაკარგული არცერთი პირი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.

"9 ადამიანია გარდაცვლილი. ყველა ოჯახს ვუსამძიმრებთ, უმძიმესი დღე იყო გუშინ, დღეს. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი, ვისაც ვეძებდით. ჩვენი ვარაუდით, არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. იქიდან გამომდინარე, მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება, კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ხედავთ, რომ სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, რომ იმსჯელონ როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს, თუ არა ნაწილი მაინც, რომელიც იყო მიბმული კორპუსზე, ამას მშენებლები გადაწყვეტენ". – თქვა გომელაურმა.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები