ბათუმი

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმის ჩამონგრეული კორპუსი
შსს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facebook-ზე დაწერა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.

ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.

კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება". – წერს ღარიბაშვილი.

ამ დროისთვის კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 7 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფრომაციით, ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები