მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: უნდა მოვიგოთ ყველა ქალაქში არამხოლოდ მერები, არამედ მაჟორიტარებიც

არჩევნების მეორე ტურებში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის. ახლა ყველგან, სადაც არის მეორე ტური და ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და უნდა გავაუვნებელყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილი და არამხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურებში გასული მაჟორიტარები. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან ოცნება თითქმის ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის.

მე ყოველწუთიერად ვგრძნობ სატუსაღოში თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან, სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამე ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. 

მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე. 

P.S. და კიდევ ერთი, ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი, ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებასა და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობა, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ პირიქით, უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისმა ადვოკატმა და ტელეკომპანია მთავარის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს - თავდაპირველად ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.

კომენტარები