მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კალიურანდი: ხალხი სააკაშვილის მოწოდებაზე არ გამოვიდა, მან პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა

მარინა კალიურანდი
delfi.ee

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან საქართველოში ჩამოსვლით ქვეყნის კანონმდებლობა დაარღვია და არალეგალურად შემოსვლაზეა პასუხისმგებელი. 

მისივე შეფასებით, სააკაშვილმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა. 

"მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.

ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე". - ამბობს კალურანდი  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე.


2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები