საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება რეკორდულ 82 მილიონამდე იზრდება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება 2022 წელს დამატებით 12 მილიონით გაიზრდება და ახალ რეკორდულ ნიშნულს, 81.8 მილიონ ლარს მიაღწევს. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ტელევიზიებს შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, ის რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს და ბაზრის მხოლოდ 3.3%-ს აკონტროლებს. 

TVMR-ის კვლევის თანახმად, საზმაუს კონკურენტ ტელევიზიებს, იმედსა და მთავარ არხს 22.9%-იანი და 12.4%-იანი რეიტინგები აქვთ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გადასახადების გადამხდელთა მიერ შევსებული ბიუჯეტით დაფინანსებული პირველი არხის შედეგებს. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეა დამოკიდებული და ის არ უნდა განისაზღვროს მშპ-ის არანაკლებ 0.14%-ით. 

მიუხედავად იმისა, თუ როგორ შედეგებს მიაღწევს მაუწყებელი წლის ბოლოს და რამდენად გაიზრდება ან შემცირდება სატელევიზიო რეიტინგი, მისი დაფინანსება მაინც გარანტირებულია კანონმდებლობით, რაც ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზია პირველი არხის წარუმატებლობისა. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობისთვის, რომლის ფართობი 24 000 მ2-ს აღემატება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 
 

კომენტარები