კორონავირუსი და სკოლები

საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდა, გაიხსნა საბავშვო ბაღებიც

დღეიდან, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდა. გაიხსნა საბავშვო ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრებიც. განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. 

მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებულები არიან, ატარონ პირბადე. სახელმწიფო კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს ტელესკოლის უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ სკოლებს, სადაც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები იყო განთავსებული, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებამდე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია“,- აცხადებს განათლების სამინისტრო. 

კომენტარები