არჩევნები 2021

დაშინება, მოსყიდვა, იძულება – ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრაქტიკა

არჩევნები 2021

დაშინება, მოსყიდვა, იძულება – ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრაქტიკა

საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ხშირდება ფაქტები, როდესაც მმართველი პარტია - ქართული ოცნება ხმების მაქსიმალური მობილიზების მიზნით კამპანიის მიმდინარეობისას ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ან მათ მხარდამჭერებსა და მსხვილ შემომწირველებს ტენდერების გამოყენებით მსხვილი თანხებით და პოლიტიკური თანამდებობებით "ასაჩუქრებს", ან სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერებს აშინებს, სამსახურების დაკარგვით ემუქრება, თუ მათი ხმები ოცნებისკენ არ წავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე არაერთი კვლევა აქვთ გამოქვეყნებული მსგავსი ფაქტების შესახებ და იურიდიულ დახმარებასაც უწევენ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით უფლებათა დარღვევის მსხვერპლები გახდნენ, ან გახდებიან.

                          პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაშინება

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების იძულება, ან მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ქართული ოცნების მიერ დაშინების ობიექტი უკვე არაერთი ადამიანი გახდა.

მმართველი პარტია ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დასაშინებლად რამდენიმე მეთოდს მიმართავს: საჯარო სამსახურებიდან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი ადამიანების გათავისუფლება, ან წასვლის იძულება, პოლიტიკური ოპონენტებზე პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, ასევე ოპონენტებისთვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა, მათზე მუქარა, ზეწოლა, ან საქმიანობის მიტოვების იძულება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი წერს, რომ მსგავსი ტენდენციები წინა არჩევნების მსგავსად, მთელი საქართველოს მასშტაბით იკვეთება.

გთავაზობთ შემთხვევათა ნაწილს, რომელიც გამოკვეთს პრობლემის ტიპოლოგიასა და პატერნებს:

  • 21 სექტემბერს ინფორმაცია გავრცელდა, რომ დმანისში საარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის აქტივისტები დაჭრეს. პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერის, კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები იგივე ადამიანები იყვნენ, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალადობდნენ ოპოზიციონერებზე და უკვე ნასამართლევები არიან. 22 სექტემბერს შსს-მ აქტივისტების დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის - მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილია;
  • სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის" თანამშრომელი კესარია წულაია, რომლის თქმითაც დირექტორმა ის დაიბარა და უთხრა, რომ “ზემოდან მიცემული დირექტივის” თანახმად უნდა შეეწყვიტა Facebook-ში გიორგი გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” ვიდეორგოლების გაზიარება. წულაიას შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 31 დეკემბერს უსრულდებოდა, თუმცა ის “გასართობი ღონისძიებების შემცირების” მოტივით სამსახურიდან დაითხოვეს;
  • 11 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მცხოვრებმა, ლევან გვილიამ განაცხადა, რომ მას ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია შეხვდა და აიძულებდა, რომ შეეწყვიტა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა;
  • ევროპული საქართველოს ცნობით, მათი პარტიის ოთხი წევრი გიორგი შაყულაშვილი, ცირა გრიგალაშვილი, თამაზ მამიჯანაშვილი, იოსებ კევლიშვილი ბორჯომში “ქართულ ოცნებასთან” კავშირში მყოფმა პირებმა დააშინეს პირადი ანგარიშსწორებით. ევროპული საქართველოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს პროპორციული სიიდან;
  • 26 აგვისტოს გირჩი-მეტი თავისუფლების წევრისა და ნაძალადევში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ბადრი გრიგალაშვილის წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს ორი მუხლის საფუძველზე მიმართა - მცირე ოდენობით კანაფის კულტივაციისა და კანაფის რეკლამირება პროპაგანდის. საქმე ეხებოდა 13 ივლისს, გრიგალაშვილის მიერ გიორგი სლოევის მხარდასაჭერად და არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფის კულტივირებას. სასამართლომ ბადრი გრიგალაშვილი ორივე მუხლში სამართალდამრღვევად ცნო და ჯამში 5 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა;
  • სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის” სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა ხვიჩა დოლბაია. ორგანიზაცია წერს, რომ მას გახარიას თანამოაზრეებთან მეგობრული კავშირის ბრალდების გამო მოსთხოვეს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება, რაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს და გათავისუფლების ბრძანებაში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ მიუთითეს;
  • 23 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს თედორე კალმახელიძე, რომელიც დმანისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატია. კალმახელიძის თქმით, ის 2017 წლიდან მუშაობდა "აკკორდ ჯორჯიაში" და მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო;
  • ამავე ორგანიზაციის ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქის - ვ.ჩ.-ს განცხადებით, მას დაემუქრნენ სოციალური დახმარების მოხსნით, რადგან ის გახარიას პარტიის მხარდამჭერია და სამეზობლოში ღიად გამოხატავდა პოზიციას. მისივე თქმით, ამის შემდეგ, მასთან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მივიდა თანამშრომელი და დაემუქრა ოჯახის გადამოწმებით, რომლითაც მაღალ ქულებს მიუთითებენ და დახმარება მოეხსნება;
  • ევროპული საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ზუგდიდში პარტიის კანდიდატის - ბართლომე შელიას მიმართ სექტემბერის დასაწყისში განაახლეს გამოძიება წინა წლის ინციდენტთან დაკავშირებით.  მათი ცნობით, აღძრული საქმე აბსურდული იყო და  1 წლის წინ, საქმის არსებით განხილვამდე საქმის წარმოება შეწყდა ბართლომე შელიას წინააღმდეგ. პროკურატურამ განაახლა საქმის წარმოება არჩევნების აქტიურ ფაზაში და 1 კვირაშივე კვლავ შეწყვიტა;
  • ასევე ევროპული საქართველოს ინფორმაციით, საგარეჯოში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი - აჟდარ ალიევი ქართული ოცნების წევრებმა მოისყიდეს და ამის სანაცვლოდ კანდიდატობაზე უარი ათქმევიმეს.


                           თანამდებობითა და ტენდერებით დასაჩუქრება

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნებასთან დაახლოებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით მარტივდება სახელმწიფო შესყიდვების გზით თანხის მიღება - კონკურენტების დისკვალიფიცირება, პირობების კონკრეტულ კომპანიაზე მორგება, უკონკურენტობა, ან ხელშეკრულების პირდაპირ გაფორმება ის გზებია, რომელსაც ასეთ დროს მიმართავენ. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ ასეთი გზებით იგებდნენ ტენდერებს და მმართველ პარტიას მსხვილ თანხებსაც სწირავდნენ, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ თანამდებობებზე დაწინაურებას ელოდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორს რამდენიმე მსგავი ფაქტის ამსახველი კვლევა აქვს გამოქვეყნებული.

  • ორგანიზაციის ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლების ქართული ოცნების კოორდინატორისა და შტაბის უფროსის 2020 წელს დაარსებულმა შპს "20-20"-მა წინასაარჩევნოდ ვანის მერიისგან 78 900 ლარი მიიღო. პირველად ბესიკ შუბლაძის კომპანიამ თანხა ტენდერის საშუალეებით მიიღო, რომლის ღირებულებაც 39 500 ლარს შეადგენდა და გამარჯვებული 2021 წლის 5 აგვისტოს გამოვლინდა. ხოლო, მეორე შემთხვევაში, ამავე წლის 11 აგვისტოს ვანის მერიამ შპს "20-20"-თან გამარტივებული შესყიდვა გააფორმა და 39 400 ლარი გადაუხადა. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ ბესიკ შუბლაძისთვის დაკისრებული საქმე ერთ-ერთ სოფელში საბავშვო ბაღის შემოღობვა და ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა იყო, ამიტომ არც ერთი სამუშაო არ წარმოადგენდა გადაუდებლას შესრულების აუცილებლობას და შესაბამისად, ტენდერებისთვის გვერდის ავლისა და პირდაპირ ხელშეკრულების დადების საჭიროება არ არსებობდა;
  • ამავე ორგანიზაციის მეორე კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი, რომლის კომპანიებსაც 2015-2021 წლებში ტენდერებში 19 731 645 ლარი აქვს მოგებული, მმართველი პარტიიდან რუსთავის საკრებულოს სიის მე-7 ადგილია. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ მამუკა ხელაიას კომპანიებს ტენდერების 37%-ში უკონკურენტოდ ან კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე აქვს გამარჯვებული და ამასთან ერთად, ბოლო ქართული ოცნებისთვის გაკეთებული 10 000-ლარიანი შემოწირულობიდან სამ დღეში ის საკრებულოს სიაში წარადგინეს;
  • ფლანგვის დეტექტორი წერს ბოლნისის მოქმედ მერზე და პარალელურად, ქართული ოცნების მერობის კანდიდატ, დავით შერაზადაშვილზეც. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შერაზადაშვილის სიძის კომპანია “დევეპლიუსმა” ტენდერებში აქტიურად გამარჯვება 2014 წლიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ რაც დავით შერაზადაშვილი თავის პირველ თანამდებობაზე - გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. მას შემდეგ შპს “დევეპლიუსს” 37 ტენდერიდან 32-ში აქვს გამარჯვებული და 69% შემთხვევაში ისინი უკონკურენტოდ აქვს მოგებული. ჯამში მას სახელმწიფო შესყიდვების გზით 4 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.


საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების კამპანიაში გამოყენება

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად შესულია, როგორ იყენებს ქართული ოცნება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათში დასაქმებულ ადამიანებს საარჩევნო კამპანიაში.

"სკოლების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პერსონალის იძულებით ჩართვა
წინასაარჩევნო კამპანიაში ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით
დადგენილ წესებს აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად
გამოყენების აკრძალვის შესახებ, არამედ არღვევს ზოგადი განათლების შესახებ
საქართველოს კანონით განმტკიცებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, იკრძალება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება", - წერს ISFED-ი.

  • ორგანიზაციით ცნობით, სენაკის საჯარო სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის ოფისებში იბარებენ და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აიძულებენ, მათ შორის, არაპირდაპირი ზემოქმედების გზითაც. ისინი აკონკრეტებენ, რომ შეკრებების ორგანიზებაში ჩართულია სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ რუსია, ასევე მსგავს მითითებებს გასცემენ - N3 საჯარო სკოლის დირექტორი და N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი.
  • ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს ქართული     ოცნების ადგილობრივი კოორდინატორი სკოლაში პრობლემების შექმნით დაემუქრა, რაც ლელოს მიერ ამ პედაგოგისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის შეთავაზებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პედაგოგს ურჩია არ დათანხმებოდა ოპოზიციური პარტიის წინადადებას და ქართული ოცნების სასარგებლო საქმიანობაში ჩართულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა.
  • ISFED-ი ასევე წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ, მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებას სამუშაო დროს, ესწრებოდა წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე. ორგანიზაციის დამკვირვებელის მიერ  საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ პირველი საჯარო სკოლის დირექტორი არ გასულა შვებულებაში და არც ერთდღიანი შვებულება აუღია.


ქართული ოცნების წინასაარჩევნო პრაქტიკის შესახებ ტაბულა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე, საბა ბუაძე ამბობს, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება და ამაში გამგეობები არიან ჩართულები.

"ქართული ოცნება ხელისუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს რამდენიმე ინსტრუმენტს, ეს არის მოსყიდვა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არც ედ არჩევნები არ არის გამონაკლისი, პირიქით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, განსაკუთრებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი გადახდილი გადასახებით ეცადოს შეინარჩუნოს ხელისუფლება.

მთაწმინდაზე, სადაც მე ვარ კანდიდატი, ადმინისტრაციული რესურსისი გამოყენების შემთხვევები არის ძალიან მრავლად, იმიტომ რომ ამაში არის ჩართული უშუალოდ გამგეობა, მაგალითად ორი დღის წინ ცენტრალურ მთაწმინდაზე დაარიგეს პროდუქტები და ეს შემთხვევები კრიმინალური ელემენტების გამოჩენასთან ერთად ქმნის იმ ნეგატიურ საარჩევნო ფონს, რომლითაც ქართული ოცნება ატარებს ყველა არჩევნებს", - ამბობს ბუაძე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერისა და ჩუღურეთში ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებიით იმატებს გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა.

"თუ გადავხედავთ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, შესყიდვების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს ხოლმე, როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ. წინასაარჩევნოდ აცხადებენ ტენდერებს, განსაკუთრებით ეს ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მათ შორის არის გამწვანებაც და პარკებიც და ეს პარკები არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე პარკების რეაბილიტაციას აკეთებენ, ვაკის პარკი არის ამის ნათელი მაგალითი.

ასევე, თბილისის ძველ უბნებში შესყიდვების მომრავლება ძველი შენობების რეაბილიტაციასთან და შეკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის სინამდვილეში საბიუჯეტო ფულის გამოყენება, რათა შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოცნების კანდიდატები ამას საზეიმოდ ხსნიან და კამპანიად ასაღებენ”, - ამბობს ნონიაშვილი.

სასამართლოს მიმართ გაზრდილი უნდობლობის, ძალოვანი სტრუქტურების არაეფექტურობისა და სავარაუდოდ, სუს-ის ფარული მოსმენების ფონზე დაშინების, იძულებისა და მოსყიდვის ფაქტებს ადამიანები ხშირად არ ასაჯაროვებენ, ან გასაჯაროვების შემთხვევაში ანონიმურად დარჩენას არჩევენ.
 

კომენტარები