არჩევნები 2021

ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: გასარკვევია კონტექსტი – შეიძლება, 2024 წელი ჰქონდა მხედველობაში

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციური მთავრობის აუცილებლობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გასარკვევია ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტი და ის, შესაძლოა, 2024 წელს გულისხმობდა, როდესაც არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

"რა შუაშია კოალიციური მთავრობა? სად არის კოალიციური მთავრობა? ეს, შეიძლება, არის პრეზიდენტის პირადი მოსაზრება, შეიძლება, სურვილიც არის. მე არ ვიცი იგი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება, წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი, შეიძლება, არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ალბათობა იმისა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში კოალიციური მთავრობა ფორმირდეს, არის საკმაოდ მაღალი. არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან, როცა დაბრუნება, მექნება საუბარი". – თქვა ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.

28 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობების შემდეგ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა ნათელია.

"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას [არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი ამოწურული] გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები