ახალი კოდექსი, საპილოტე პროექტი, COVID 19 – რა წესით ტარდება წლევანდელი არჩევნები

ახალი კოდექსი, საპილოტე პროექტი, COVID 19 – რა წესით ტარდება წლევანდელი არჩევნები

2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 64 მერს და საკრებულოს 2 044 დეპუტატს. ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ტარდება.

საქართველოს პარლამენტმა ზაფხულში დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, წლევანდელ არჩევნებზე რამდენიმე სიახლე მოქმედებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირება კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით მოხდება. ამომრჩეველი საკრებულოს წევრთა ნაწილს პროპორციული, ხოლო მეორე ნაწილს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს, თუმცა, გაიზარდა პარტიული სიებით არჩეულ წევრთა თანაფარდობა, პროპორციული კომპონენტის სასარგებლოდ.

მაგალითად, თბილისის საკრებულოსა და დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში (ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი) პროპორციული წესით დაკომპლექტდება ადგილების 80%, ხოლო თვითმმართველ თემებში, პროპორციული ადგილების წილი სრული შემადგენლობის არანაკლებ ⅔ იქნება. 

ე.წ შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით, რომელიც 19 აპრილს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმდა, თუ 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებდა ხმების 43%-ზე ნაკლებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს. ქართულმა ოცნებამ  28 ივლისს შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

შემცირდა საარჩევნო ბარიერი და თბილისში პარტიებს საკრებულოში მოსახვედრად 2.5%-იანი ზღვარის გადალახვა მოუწევთ,  სხვა მუნიციპალიტეტებში კი - 3%-ის. ამ ცვლილებამდე, ყველა საკრებულოში საარჩევნო სუბიექტებს პარტიული სიებით ადგილების მისაღებად ხმების არანაკლებ 4%-ის მოგროვება მოეთხოვებოდათ. 

თბილისის საკრებულოს შემადგენლობა კვლავ 50 წევრია, სხვა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა რაოდენობა კი 25-დან 35-მდე გაიზარდა. რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, საკრებულოს წევრთა რაოდენობა განსხვავებულია და 18-დან 45-მდე მერყეობს.

 

წლევანდელი არჩევნებისთვის, ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში დაწესდა ორტურიანი სისტემა. საკრებულოს მაჟორიტარად პირველივე ტურში ასარჩევად საჭირო გახდა ამომრჩევლის მინიმუმ 40%-ის მხარდაჭერის მოპოვება.

აგიტაცია

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, სამუშაო საათებში აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა გაფართოვდა და ყველა საჯარო მოსამსახურეს ეხება. წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვის აკრძალვა ვრცელდება სკოლა-ბაღების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლებისა და იქ დასაქმებული სხვა პირების მიმართაც.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშებში არაერთხელ უსვამდნენ ხაზს მასწავლებლების წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით შეკრებაზე, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ზეწოლის ნიშნებს შეიცავდა.

ცვლილების მიხედვითვე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში, ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანების შეკრება, ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აიკრძალა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსებაც.

აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმით კორექტირება არჩევნების შემდგომ დღეებში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიას აეკრძალა ოქმის მონაცემების შესწორება ბიულეტენების გადათვლის გარეშე. გარდა ამისა, თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოავლინოს ხუთი საარჩევნო უბანი და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები. საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევით გამოსავლენად შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება ის საარჩევნო უბნები, სადაც განთავსებულია საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი; 

საპილოტე პროექტი

2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის ოლქში ცესკო ახალ ტექნოლოგიებს გამოცდის. ხმის მთვლელი აპარატი ოქმებს წუთებში შეაჯამებს.

კრწანისის ოლქის ამომრჩეველი უბანზე განსხვავებულ ბიულეტენს მიიღებს - მხოლოდ ერთს, სამი სვეტით - ერთზე პარტიების ჩამონათვალი, მეორეზე მაჟორიტარების, ხოლო მესამეზე - მერობის კანდიდატების მონაცემები იქნება დატანილი. ბიულეტენს უნიკალური შტრიხკოდი ექნება. ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველი ბიულეტენს ხმის ელექტრონულ მთვლელთან მიიტანს და მასში მოათავსებს. თუ აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, ის გაფუჭებულად ჩაითვლება, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. კრწანისის საარჩევნო ოლქის შედეგები ელექტრონული დათვლის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. აპარატი შემაჯამებელ ოქმს რამდენიმე წუთში ამობეჭდავს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონულად ხმის მიცემას მოქალაქეები ჯამში 31 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.

კორონავირუსი და არჩევნების დღე

მეორე წელია, საქართველო არჩევნებს პანდემიის რეჟიმში ატარებს. მთავრობამ უარი თქვა ომბუდსმენის მოწოდებაზე, გადაედო არჩევნები და ეპიდსიტუაცია მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების იმედად დარჩა.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ განაახლა და დაამტკიცა ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის შენობაში მოქალაქეები არ დაიშვებიან თერმოსკრინინგის (ტემპერატურის შემოწმების) და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე. ცხელების (37°C ან 37°C-ზე მეტი) შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). თუ მოქალაქეს ამის შემდეგაც სიცხე ჰქონდა, მას კენჭისყრის შენობაში არ დაუშვებენ.

კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადით, თუმცა, მისი გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ეს სამედიცინო/ექიმის ცნობით უნდა დადასტურდეს.

კომენტარები