არჩევნები 2021

თუ ინფიცირებული ან კარანტინში ხარ, როგორ აძლევ ხმას

არჩევნები 2021

თუ ინფიცირებული ან კარანტინში ხარ, როგორ აძლევ ხმას

2 ოქტომბერს საქართველოში რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა 64 საკრებულოს 2 068 წევრს და 64 მერს აირჩევს. 

მეორე წელია, ქვეყანა არჩევნებს პანდემიის რეჟიმში ხვდება. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის Covid 19-ის გამო საკარანტინე სივრცეებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 73 სპეცუბანი შექმნა. ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეები, ასევე, კლინიკების და საკარანტინე სივრცეების თანამშრომლები ხმის მიცემას გადასატანი ყუთის მეშვეობით შეძლებენ.

სპეციალურ სიაში შედის:

  • ამომრჩეველი, რომელიც ინფიცირების გამო არჩევნების დღეს სამკურნალო დაწესებულებაში იქნება.
  • ამომრჩეველი, რომელიც ინფიცირების გამო კენჭისყრის დღისთვის საკარანტინე სივრცეში იქნება.
  • ამომრჩეველი, რომელიც ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საკარანტინე სივრცეში იქნება.
  • ამომრჩეველი, რომელსაც თვითიზოლაციაში ყოფნის გამო,  კენჭისყრის დღეს არ შეუძლია არჩევნებზე მისვლა;
  • ამომრჩეველი, რომელსაც ბინაზე მკურნალობის გამო, არ შეუძლია არჩევნებზე მისვლა;
  • სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინე სივრცის თანამშრომელი (ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, დამხმარე პერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დაცვის პერსონალი), რომელიც სამსახურის პირობების გამო, არჩევნებზე მისვლას ვერ ახერხებს. 

აღსანიშნავია, რომ ცესკოს დადგენილების მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანენ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინე სივრცეში მყოფ ყველა ამომრჩეველს, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის, კლინიკებსა და საკარანტინე სივრცეებში  იქნებიან. თუმცა, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შესაბამისი მოთხოვნით 27 სექტემბრის 22:00 საათამდე მიმართავს ცესკოს. მან ხმის მიცემის მოთხოვნით, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს (+995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0”) უნდა მიმართოს. შესაბამისად, ის ამომრჩეველი, რომელიც 28 სექტემბრიდან გადავა თვითიზოლაციაში, კენჭისყრაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებს.

ხმის მიცემის პროცედურა

ინფიცირებულ ან თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს გადასატან ჯგუფს სპეცჯგუფი მიუტანს. სპეცჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება.

ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიასა და საარჩევნო ბიულეტენს  კონტაქტის გარეშე გადასცემენ (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე შეხების, ბინაში/სახლში/ოთახში/ნომერში შესვლის გარეშე). დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1.5-2 მეტრის დაშორებით.

ბიულეტენის მისაღებად, ამომრჩეველმა სპეცჯგუფის წევრს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი  უნდა წარუდგინოს კონტაქტის გარეშე, ისე, რომ სპეცჯგუფის წევრმა შეძლოს მონაცემების წაკითხვა და ფოტოს მიხედვით იდენტიფიცირება.

“ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას.  ამომრჩეველთა სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია, ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია არანაკლებ 1.5 მეტრი” - წერია ცესკოს დადგენილებაში.

26 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 21 151 აქტიური ინფიცირებულიდან 4 602 კლინიკაში მკურნალობს, 840 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 15 709 - ბინაზე. გარდა ამისა, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 45 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში - 18 478. 

კომენტარები