20 ივნისი

ბობოხიძე: უტიფრად ტყუის გახარია, რომ 20 ივნისს ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულა

კაკო ბობოხიძე
ევროპული საქართველო

"შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, როცა ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ პარლამენტთან შესახვედრად, დაიწყო მოქალაქეების დარბევა". - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე გიორგი გახარიას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს, ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე არ შეთანხმებულა. 

ბობოხიძე ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტყუის. 

"ქოცობა რომ მენტალური პრობლემაა და არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება, კარგად დაადასტურა გიორგი გახარიას გუშინდელმა გამოსვლამ. უტიფრობა, ტყუილი, გუშიდელი ნათქვამის დავიწყება და დღეს საწინააღმდეგოს თქმა - ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც ქართული ოცნების ყოფილ თუ მოქმედ წევრებს ახასიათებთ და ბატონი გახარია პრაქტიკულად, არსობრივად არაფრით განსხვავდება კობახიძისგან, რომელმაც უტიფრად უარყო, რომ 20 ივნისის არ შედგა შეთანხმება მასსა და ოპოზიციის წევრებს შორს". - ამბობს ბობოხიძე. 

ბობოხიძის თქმით, 20 ივნისის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, გახარიას ტელეფონით პავლე კუბლაშვილი ესაუბრებოდა და ცდილობდა შს მინისტრსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, პარლამენტთან მოქალაქეების დარბევა დაიწყო. 

"ეს შეთანხმება შედგა და ბატონმა გახარიამ და სამწუხაროდ, ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვერ უზრუნველყვეს  შეთანხმების პირობების დაცვა და შეთანხმების დადებიდან 10 წუთში, როცა ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ კარებთან და დაცვის პოლიციას უთხრეს, რომ შეთახნმების შესაბამისად მზად იყვნენ შესულიყვნენ პარლამენტში შესახვედრად, დაიწყო მოქალაქეების დარბევა და მიუხედავად იმისა, გახარია უარყოფს თუ არა ამას, აუცილებლად მოუწევს პასუხის გება იმაზე, თუ ვინ გასცა რეალურად ბრძანება 20 ივნისის დარბაზე. 

შედგა შეთანხმება შეხვედრაზე, პალიკო კუბლაშვილი იყო მასთან ტელეფონით კომუნიკაციაზე, გახარიამ იცოდა, რომ ამ საუბარს ვესწრებოდით მე და გიგი უგულავა". - ამბობს ბობოხიძე. 

2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქციის, გავრილოვის ღამის, დარბევის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაარბია, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა – 80 პოლიციელი, 38 ჟურნალისტი და 122 მშვიდობიანი მომიტინგე. 3-მა ადამიანმა სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით ცალი თვალი დაკარგა – მათ შორის 18 წლის მაკო გომურმაც.

კომენტარები