ცაგერი

მეზვრიშვილი: ცაგერის მერობის კანდიდატ ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს

Ninuca Bendeliani/Facebook

პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ცაგერში მათ მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს მანქანა დაუცხრილეს.  

"პარტია საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას პრაქტიკულად ვერ ატარებს. მინდა გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ოცნების ხელმძღვანელობას - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობას ამართლებენ და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს და გენერალურ პროკურორ - შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით არ გაინძრნენ - თვეებია თითქოს ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ.

[...] სამწუხაროდ, ოცნების ასეთმა უმოქმედობამ მიგვიყვანა რამდენიმე დღის წინ დმანისამდე, მიგვიყვანა ახლა უკვე ცაგერში მანქანის ჩაცხრილვამდე და არავინ იცის არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს". - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

მეზვრიშვილის ინფორმაციით, მათ მხარდამჭერებს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან. მისივე თქმით, 24 სექტემბერს ლაგოდეხის საკრებულოს კანდიდატს, სალომე ღონღაძეს მანქანის საბურავები დაუჭრეს, რამდენიმე დღის წინ კი ასპინძაში მერის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა მოხელეები, მერიის თანამშრომლები, თავს დაესხნენ ასპინძის საკრებულოს კანდიდატს, არკადი სოფოიანს. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები