ავღანეთი

თალიბანი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის მკლავისა და ტერფის მოჭრის სასჯელს აბრუნებს

მოლა ნურუდდინ ტურაბი
The Associated Press

თალიბანის ერთ-ერთმა თანადამაარსებელმა და ავღანეთში მკაცრი ისლამური კანონის გამტარებელმა, როდესაც 1996-2001 წლებში ქვეყანას დაჯგუფება მართავდა, მოლა ნურუდდინ ტურაბიმ The Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აპირებენ დააბრუნონ სიკვდილით დასჯისა და კიდურების ამპუტაციის ფორმის სასჯელები.

"ყველა გვაკრიტიკებდა დასჯების სტანდიონებზე ჩატარების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათ კანონებსა და სასჯელებზე. ვერავინ გვეტყვის ჩვენი კანონები როგორი უნდა იყოს. ჩვენ მივყვებით ისლამს და ჩვენს კანონებს ყურანზე დავაფუძნებთ", – თქვა მოლა ტურაბიმ თალიბანის სასჯელების კრიტიკასთან დაკავშირებით. 

მოლა ნურუდდინ ტურაბი თალიბანის მთავრობის დროს იუსტიციის მინისტრი და სათნოების გავრცელებისა და ცოდვის აღკვეთის სამინისტროს მეთაური იყო. ეს უკანასკნელი ინსტიტუცია, ფაქტობრივად, რელიგიური პოლიცია იყო. აქამდე, ტურაბიმ 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ძალებთან ბრძოლის დროს დაკარგა თვალი და ფეხი. 1996 წლიდან, ტურაბი ცნობილი იყო თავისი დაუნდობელი სასჯელების გატერებით. ასევე, მისი ბრძანებით, მუსიკის კასეტებს ანადგურებდნენ და ხეებზე კიდებდნენ. ის ითხოვდა, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელს ეტარებინა ჩალმა, მისი მსახურები კი სცემდნენ მათ, ვისაც წვერი შემოკლებული ჰქონდა. სპორტი აკრძალული იყო, კაცებს კი მეჩეთში დღეში ხუთჯერ ლოცვას აძალებდნენ.

1996-2001 წლებში, როდესაც სასჯელები სანახაობის სახით სტადიონებსა და ეიდ გაჰის მეჩეთის ტერიტორიაზე ტარდებოდა, მსოფლიო ამ ყველაფერს გმობდა. პროცესებს ასობით ავღანელი კაცი ესწრებოდა. 

მკვლელობაში ბრალდებულებს თავში სროლით კლავდნენ. დამნაშავესთვის უნდა ესროლა მსხვერპლის ოჯახის წევრს, რომელსაც ალტერნატივაც ჰქონდა, შეეძლო ზარალის საფასურად "სისხლიანი ფული" აეღო და დამნაშავე ცოცხალი დაეტოვებინა. ქურდობაში ბრალდებულებს ჭრიდნენ ხელის მტევანს, ყაჩაღობაში დამნაშავეებს კი მტევანსა და ტერფს. 

გასამართლების პროცესი იშვიათად თუ იქნებოდა საჯარო. განაჩენის გამოტანა კი ძირითადად მოსამართლე სასულიერო პირების სასარგებლოდ ხდებოდა. 

მოლა ტურაბიმ თქვა, რომ, ამჯერად, დანაშაულის საქმეებს განიხილავენ მოსამართლეები, მათ შორის ქალებიც, თუმცა ავღანეთის სამართალი ყურანზე იქნება დაფუძნებული და ძველი სასჯელები აღდგება.

"ხელის მოჭრა უსაფრთხოებისთვის ძალიან საჭიროა", – თქვა მოლა ტურაბიმ და განმარტა, რომ ამ ყველაფერს შემაკავებელიი ეფექტი აქვს.

გასულ კვირაში თალიბანმა აღადგინა დამნაშავის შერცხვენის სასჯელი, რომლითაც მცირე ქურდობისთვის ბრალდებულებს სჯიდნენ. წინა კვირიდან ცნობილია მსგავსი ორი შემთხვევა. კაცებს ხელები შეუკრეს, მანქანის ღია საბარგულებზე ჩამოსვეს და სახალხოდ ჩამოატარეს. ერთ შემთხვევაში დასჯილებს სახე ჰქონდათ შეღებილი, მეორე შემთხვევაში კი, მათ დაობებული პური ან პირში ჰქონდათ ჩატენილი, ან კისერზე ჩამოკიდებული. 

თალიბანის ახალ მთავრობაში მოლა ტურაბი ციხეებს განაგებს. ის გაეროს სანქცირებულ პირთა სიაშია, როგორც ახალი მთავრობის ბევრი წარმომადგენელი.

The Associated Press-თან მოლა ტურაბიმ ინტერვიუ ქალ ჟურნალისტს მისცა. "ჩვენ წარსულისგან შევიცვალეთ", – უთხრა მან ჟურნალისტს. 

ტურაბის თქმით, თალიბანი ხალხს მისცემს უფლებას, გამოიყენონ ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, ვიდეობი და ფოტოები, რადგან "ეს ხალხისთვის საჭიროა". მისი თქმით, თალიბანი მედიას ახლა საკუთარი გზავნილების გამავრცელებელ საშუალებად ხედავს. "ახლა ვიცით, ასობით ადამიანისთვის ხმის მიწვდომის ნაცვლად, შეგვიძლია მივწვდეთ მილიონებს". მან დაამატა, რომ თუ სასჯელები საჯარო იქნება, ხალხს უფლება ექნება ვიდეობი და ფოტოები გადაიღონ, რათა შემაკავებელი ეფექტი გაავრცელონ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას თალიბანის მმართველობის ეშინია, ზოგიერთი აღიარებს, რომ დედაქალაქის, ქაბულის ქუჩებში წესრიგი ნელ-ნელა ბრუნდება და წინა თვესთან შედარებით უფრო უსაფრთხო გარემოა. თალიბანის ქალაქში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე ქუჩებში ქურდების ბანდები დადიოდნენ და ხალხს ღამით სახლიდან გასვლის ეშინოდა. 

"არაა კარგი ამ ადამიანების შერცხვენის საჯაროდ ჩვენება, მაგრამ ეს დამნაშავეებს აჩერებს. როდესაც ამას ხედავენ, ფიქრობენ "არ მინდა, რომ მის ადგილზე მე ვიყო"", – თქვა გამოცემასთან ამაანმა, ქაბულის ცენტრში მაღაზიის მეპატრონემ.

კიდევ ერთმა მაღაზიის მეპატრონემ თქვა, რომ ეს სასჯელები უფლებათა დარღვევად მიაჩნია, მაგრამ ასევე მოხარულია, რომ მაღაზიის დაღამების შემდეგ გახსნასაც შეძლებს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები