ფარული მოსმენა

გახარია სუს-ის მასალებზე: თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა, ეს მე არასდროს მაინტერესებდა

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებზე ამბობს, რომ მისი პასუხიმგებლობა უნდა განსაზღვროს სამართლიანმა და ღია გამოძიებამ. 

ამის შესახებ გახარიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ავთენტური ჩანაწერების დავალება მას არ გაუცია და არც უნახავს". 

"მე არ მითქვამს, რომ პასუხისმგებელი არ ვარ. რა თქმა უნდა იქ არის პასუხიმგებლობის ნაწილიც და მე ამისთვის მზად ვარ. მაგრამ მე დავალება არ გამიცია. დავალება თუ არ გამიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამის მომხმარებელი არ ვყოფილვარ, არ მჭირდებოდა. ვინ იყო ამ ინფორმაციის მომხმარებელი, ვისი ინტერესებისთვის აგროვებდნენ ამ ინფორმაციას, აი ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. იმ ნაწილში რაც ავთენტურია, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი დანაშაული და თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში არ კეთდებოდა".- ამბობს გიორგი გახარია. 

მისივე თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ახლა გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი არ კურირკებდა იმ ქვედანაყოფს, რომელიც მოსმენებზე პასუხისმგებელი იყო. მისივე თქმით, პასუხისმგებელი სუს-ის უფროსი იყო. 

"მე ბევრი რამე ვიცოდი და ყველაფერი რაც ვიცოდი გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესიდან. ამას ვადასტურებ კიდევ ერთხელ და სხვა ყველაფერს ვუპასუხებ გამოძიებას, რომელიც დაიწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხოჯევანიშვილი არ ყოფილა ამის კურატორი, იმას ჰყავდა თავისი და ვინ იყო ეს არ მახსოვს, სუს-ის უფროსი იყო თუ რომელიღაც სხვა მოადგილე. ხან ისე იქნებოდა და ხან ასე. მოსმენებს რაც შეეხება, მე გარკვეული წილი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ყველა ის ინფორმაცია რაც მე მქონდა და ვიცოდი გამომდინარეობდა სახელმწიფოს ინტერესიდან და იქ თუ ვიღაცა ვიღაცას ლოგინში უსმენდა არასდროს მაინტერესებდა და ჩემი ინტერესის სფერო არ ყოფილა არასდროს. თუ ვიღაცის ინტერესის სფერო იყო, წავიდეს და მან აგოს პასუხი". - თქვა გახარიამ. 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები