ფარული მოსმენები

მამა გიორგი ზვიადაძე ჩუბინიძეს ე.წ. კანონიერი ქურდის 10 დღით შემოშვებას სთხოვდა – ფაილები

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

საქართველოს საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ფაილების მიხედვით, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ეკითხებოდა, შემოუშვებდა თუ არა ქვეყანაში ე.წ. კანონიერ ქურდს, დაახლოებით 10 დღით. 

მამა გიორგის თქმით, კრიმინალის მშობლებს ჯანმრთელობის მხრივ რთული მდგომარეობა ჰქონდათ და მას საქართველოში ჩამოსვლა მათი მონახულების გამო სურდა.

ჩუბინიძემ ზვიადაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გადაამისამართა და უთხრა, რომ ეს საკითხი მისი პრეროგატივა არ იყო. სუს-ის ფაილებში არ ფიქსირდება დაუკავშირდა თუ არა პროტოპრესვიტერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს.

"პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს აცნობა, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ვახტანგ (ვატო) ყიფიანის საქართველოში მცხოვრებ მშობლებს გააჩნიათ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დაინტერესდა რამდენადაა შესაძლებელი მათ მოსანახულებლად, დაახლოებით ათი დღით ვ. ყიფიანს სახელმწიფომ დართოს საქართველოში შემოსვლის ნება. ხსენებულზე ა. ჩუბინიძემ გ. ზვიადაძეს განუმარტა, რომ მოცემული საკითხი არის არა მისი, არამედ შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის პრეროგატივა", – წერია ფაილებში.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები