ფარული მოსმენა

ბოკერია ლელოს ინიციატივაზე: იმ ზღვარს გავცდით, როცა საპარლამენტო ინსტრუმენტებს აზრი ჰქონდა

"სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა". - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ლელოს ინიციატივას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე სუს-ის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც თუნდაც გულწრფელი მოტივით იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“. - თქვა ბოკერიამ.

13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები