არჩევნები 2021

კალაძე ბანერებზე: მოგწონთ? არც მე მომწონს, ისე არ მომწონს თქვენივე პარტიის კამპანია

"მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს". - მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებს თბილისში გაკრულ ბანერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. 

კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, მისივე სიტყვებით, გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ის ამტკიცებს, რომ ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

"მე, პირადად, არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას ყოველთვის ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე. რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. 

არის კომპანია ალმა, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით?  რომლის საკუთრება არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და არანაირი უფლება არ აქვს. რაც არის გამოკრული, მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები რაც არის - შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს". - ამბობს კალაძე. 

17 სეტქემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ხელისუფლებამ ისინი ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა. 

მსგავსი შინაარსის ჰომოფობიური პლაკატები თბილისში ივლისშიც გამოაკრეს

კომენტარები