ფარული მასალები

მერია: იაკობ გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო ჩამოვარდა, ინფორმაცია სრული სიცრუეა

Mzia Saganelidze / RFE/RL

თბილისის მერია სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანებაზე. მერია ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო დაზიანდა. 

"2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს". – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში აღწერილია, რომ მთაწმინიდის პანთეონში თბილისის მერიის მხრიდან ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოებისას იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ნეშტის ნაწილები კი გაიბნა.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები