ფარული მოსმენები

ფაილები: სადრენაჟო სამუშაოებისას გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ცხედრის ნაწილები გაიბნა

www.ghn.ge

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებული მასალებიდან ერთ-ერთში აღწერილია, რომ მთაწმინიდის პანთეონში თბილისის მერიის მხრიდან ჩატარებული სადრენაჟო სამუშაოებისას იაკობ გოგებაშვილის საფლავი დაზიანდა, ნეშტის ნაწილები კი გაიბნა.

აღნიშნული ჩანაწერი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება. [24.04.19, 14:53:06]

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნიკოლოზ ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას". – წერია ჩანაწერებში.

ტაბულა ცდილობს ფაქტთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდეს.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები